დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე მუშაობა დინამიკურად მიმდინარეობს და პროცესის გაჭიანურებით არავინაა დაინტერესებული
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე მუშაობა დინამიკურად მიმდინარეობს და არავინაა დაინტერესებული პროცესის გაჭიანურებით.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ მუშაობის დიდი ნაწილი, გასაგები მიზეზების გამო, საზოგადოებისთვის ღია არ უნდა იყოს.
ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება მოიცავდეს ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის მოგვარების პრინციპებს.
პესკოვმა ჟურნალისტებს ასევე აცნობა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების ჩამონათვალი ცალკე იქნება მომზადებული.
„ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, ცეცხლის შეწყვეტის პირობების ჩამონათვალი ცალკე იქნება. ამაზე სტამბოლში იქნა მიღწეული შეთანხმება“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.