დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ტრამპისა და პუტინის საუბრისას ყირიმისა და სხვა რეგიონების რუსეთის ტერიტორიად აღიარების, უკრაინაში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის საკითხი არ განხილულა
კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის დროს ყირიმისა და სხვა რეგიონების რუსეთის ტერიტორიად აღიარებისა და უკრაინაში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ პესკოვმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, პრეზიდენტებს ასევე არ განუხილავთ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების შესაძლო განთავსება. ისინი არც გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის საკითხს შეხებიან.
ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების დროს კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტა იქნება მნიშვნელოვნად წარმოდგენილი. მისი თქმით, ეს თემა პუტინმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილეს.
„ეს საკითხი, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ნებისმიერი კონტაქტის დროს, რომელიც მომავალში ჩატარდება ჩვენსა და ამერიკელებს შორის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკმაოდ სენსიტიური თემაა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი საჯაროდ განხილვა მოხდეს. ამის გაკეთებას ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
როგორც კრემლის პრესმდივანმა თქვა, ვლადიმერ პუტინი ყოველთვის საუბრობდა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ჩამოყალიბების აუცილებლობაზე,
„რაც შეეხება ახალ მსოფლიო წესრიგს, პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის საუბრობდა ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. სწორედ იმაზე, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.