დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლები, რომელიც ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად დაიგეგმა, უკანონოა
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლები, რომელიც ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად დაიგეგმა, უკანონოა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლები, რომელიც რუსეთში 23 იანვარს ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად დაიგეგმა, უკანონოა.

მან პროვოკატორები უწოდა მათ, ვინც მოქალაქეებს არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ პესკოვმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„პროვოკატორების ქმედებები ჩვენთვის კარგად გასაგებია. ისინი კარგად გასაგებია სამართალდამცავი ორგანოებისთვისაც და მათი მიმართ მიიღება შესაბამისი ზომები“, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენელმა მედიას მოუწოდა, დაგეგმილი აქციის მასშტაბებს ნუ გააზვიადებენ, „ობიექტური მონაცემებით იხელმძღვანელონ“ და წინასწარ ნუ ილაპარაკებენ „უკმაყოფილო ხალხზე“.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.