დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ  რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი არ იქნება, თუმცა ევროკავშირი ამ გზას თუ გაჰყვება, რუსეთი ამისთვის მზად იქნება
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ  რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი არ იქნება, თუმცა ევროკავშირი ამ გზას თუ გაჰყვება, რუსეთი ამისთვის მზად იქნება

კრემლმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება განმარტა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტას შეეხებოდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ლავროვის განცხადების მნიშვნელობა დამახინჯებულია.

„რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი არ იქნება, მას სურს განავითაროს ურთიერთობები“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, ლავროვის განცხადების სენსაციური სათაურით და კონტექსტის გარეშე წარმოდგენა, მედიის დიდი შეცდომაა და მის მნიშვნელობას ცვლის. როგორც პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვს არ სურს ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტა, თუმცა ევროკავშირი ამ გზას თუ გაჰყვება, რუსეთი ამისთვის მზად იქნება.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთმა ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს, პესკოვმა უპასუხა, რომ მოსკოვი უკიდურესად დესტრუქციულ ხაზთან თუ აღმოჩნდება, რომელიც ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და ინტერესებს, „მოსკოვი მზად უნდა იყოს ასეთი არამეგობრული ნაბიჯისთვის“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი უწყების ხელმძღვანელის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოსკოვი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტისთვის მზად არის, თუ ეს ევროკავშირის ინიციატივით მოხდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლავროვის განცხადებას, ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტაზე მზადყოფნასთან დაკავშირებით, „უცნაური და გაუგებარი“ უწოდა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტაზე მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც ლავროვმა განაცხადა, ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებს თუ დააწესებს, რომელიც ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის, მოსკოვი მზად არის, ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს.