დიმიტრი მედვედევის პრესმდივანი - რუსეთის მთავრობა მხედველობაში იღებს დუმის რეკომენდაციას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, თუმცა ითვალისწინებს ვლადიმერ პუტინის პოზიციას
დიმიტრი მედვედევის პრესმდივანი - რუსეთის მთავრობა მხედველობაში იღებს დუმის რეკომენდაციას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, თუმცა ითვალისწინებს ვლადიმერ პუტინის პოზიციას

რუსეთის მთავრობა მხედველობაში იღებს სახელმწიფო დუმის რეკომენდაციას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, თუმცა ითვალისწინებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიციას, –  „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ოლეგ ოსიპოვმა განაცხადა.

„მთავრობაში ნახეს სახელმწიფო დუმის დეპუტატების მიმართვა. ამასთან დაკავშირებით, მსურს, ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც პრეზიდენტის მიერ ითქვა“, – განაცხადა ოსიპოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების დაწესების შესახებ. მოგვიანებით ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს არ დააწესებდა, როგორც თავად აღნიშნა, „ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“.
რუსეთის მთავრობის წარმომადგენელს რუსული გამოცემა „კომერსანტიც“ ესაუბრა.

„სანქციებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტს უნდა მიეღო, როგორ მოაწერს ის ხელს განკარგულებას სანქციების შესახებ, რომელთა წინააღმდეგაც მან თავად გააკეთა განცხადება?“, – განუცხადა „კომერსანტს“ მთავრობაში არსებულმა წყარომ.