დიმიტრი მედვედევი - უკრაინის მხრიდან ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში რუსეთი მზად არის, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს
დიმიტრი მედვედევი - უკრაინის მხრიდან ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში რუსეთი მზად არის, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს

უკრაინის მხრიდან ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში რუსეთი საპასუხო ქმედებებს არ შეზღუდავს და მზად არის, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ჩვენი პასუხი შეიძლება იყოს ნებისმიერი. ამის შესახებ სავსებით გარკვევით განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ჩვენ არანაირ შეზღუდვებს არ ვუწესებთ საკუთარ თავს და, საფრთხის ხასიათიდან გამომდინარე, მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი განმარტებით, ამგვარი ქმედებები შეესაბამება რუსეთის დოქტრინებს, მათ შორის ბირთვული შეკავების საფუძვლებს.

„შემიძლია, დაგარწმუნოთ: პასუხი იქნება სწრაფი, სასტიკი და დამაჯერებელი“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მედვედევმა მცდარი უწოდა დასავლელი პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის იარაღის გადაცემა სიტუაციის დიპლომატიურ დარეგულირებას ხელს შეუწყობს.

„შედეგი იქნება სრულიად საპირისპირო. ასეთ შემთხვევაში არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება. იქნება მხოლოდ შურისძიების დარტყმები. ცეცხლში გაეხვევა კიევის ხელისუფლების ქვეშ დარჩენილი მთელი დანარჩენი უკრაინა“, – განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. 2,2 მილიარდამდე დოლარის ღირებულების პაკეტი შორ მანძილზე მოქმედ ჭურვებს, GLSDB-ს მოიცავს.