დიმიტრი მედვედევი - უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება
დიმიტრი მედვედევი - უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება

უკრაინაში „სამხედრო კონფლიქტი“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ეს კონფლიქტი ძალიან დიდხანს, ალბათ ათწლეულების მანძილზე გაგრძელდება. ეს არის ახალი რეალობა, ცხოვრების ახალი პირობები. ვიდრე ასეთი მმართველი ძალა ეყოლებათ, იქნება, მაგალითად, სამი წლის მანძილზე ზავი, ორი წლის განმავლობაში კონფლიქტი და ყველაფერი ისევ ახლიდან განმეორდება. უნდა განადგურდეს ნაცისტური მმართველობა კიევში“, – აღნიშნა მედვედევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა თუ მიიღებს ბირთვულ იარაღს დასავლელი მოკავშირეებისგან, მაშინ რუსეთს პრევენციული დარტყმა მოუწევს.

„არსებობს ომის შეუქცევადი კანონები. საქმე თუ ბირთვულ იარაღს ეხება, საჭირო იქნება პრევენციული დარტყმის განხორციელება“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი არის ვოლოდიმირ ზელენსკი, მაგრამ ამასთან ერთად აღნიშნა, რომ „უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ყველა შემოთავაზებული გეგმა შესწავლილი უნდა იყოს“.