დიმიტრი მედვედევი – რუსეთს არ აქვს განზრახვა, ირანს ბირთვული იარაღი მიაწოდოს, ისრაელისგან განსხვავებით, ჩვენ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილე ვართ

11:27, 24.06.2025

რუსეთს არ აქვს განზრახვა, ირანს ბირთვული იარაღი მიაწოდოს, რადგან, ისრაელისგან განსხვავებით, ჩვენ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილე ვართ, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც მედვედევმა აღნიშნა, ირანისთვის ბირთვული იარაღის გადაცემაში მან სხვა ქვეყნები იგულისხმა და არა რუსეთი.

„დონალდ ტრამპის შეშფოთებასთან დაკავშირებით, მე ვგმობ აშშ-ის დარტყმას ირანზე, მან ვერ მიაღწია თავის მიზნებს. თუმცა რუსეთს არ აქვს განზრახვა, ირანს ბირთვული იარაღი მიაწოდოს, რადგან, ისრაელისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილე. მე საკმაოდ კარგად ვიცი, თუ რას გამოიწვევს ეს, რადგან, როგორც პრეზიდენტი, ზედამხედველობას ვუწევდი ბირთვულ ძალებს. თუმცა ეს, შესაძლოა, სხვა ქვეყნებმა გააკეთონ და სწორედ ეს იყო ნათქვამი. ჩვენ ნამდვილად არ უნდა ვკამათობდეთ, ვის უფრო მეტი ბირთვული იარაღი აქვს, რადგან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი შეთანხმება, რომელსაც ოდესღაც მე აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად მოვაწერე ხელი, ამჟამად ჯერ კიდევ ძალაშია. კითხვა მდგომარეობს იმაში, რა იქნება შემდეგ?“ – წერს მედვედევი.

გასული კვირის ბოლოს დიმიტრი მედვედევმა დაწერა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ. მის ამ განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„სწორად თუ გავიგე, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მედვედევმა თავისუფლად გამოიყენა სიტყვა „ბირთვული“ და თქვა, რომ ის და სხვა ქვეყნები მიაწოდებენ ბირთვულ ქობინებს ირანს? მართლა თქვა ეს თუ ეს უბრალოდ ჩემი ფანტაზიაა? თუ მართლაც თქვა ეს და დადასტურდება, გთხოვთ, მაცნობოთ დაუყოვნებლივ. სიტყვა „ბირთვულს“ არ უნდა მოეპყრო ასე თავისუფლად. ვფიქრობ, ამიტომაა პუტინი „ბოსი“, – დაწერა ტრამპმა.

მსგავსი