დიმიტრი მედვედევი - ატომური ქვეყანა ვართ, ჩვენ შემოგარენში ნატო-ს ბაზების განთავსებას პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ
დიმიტრი მედვედევი - ატომური ქვეყანა ვართ, ჩვენ შემოგარენში ნატო-ს ბაზების განთავსებას პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანის მცდელობა, რომლებშიც შიდა წინააღმდეგობები არსებობს, სახიფათოა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა სერბულ გაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, აღნიშნული მცდელობები სავსეა სერიოზული შედეგებით, ამიტომ ასეთ პრეტენდენტებთან დაკავშირებით ფიქრია საჭირო.

„ნატო-ში იმ ქვეყნების გაწევრიანების მცდელობა, რომლებშიც შიდა წინააღმდეგობა არსებობს, საკმაოდ სახიფათოა. თქვენ საუბრობთ ბოსნია და ჰერცოგოვინაზე, სერბეთზე, თუმცა ჩვენ შეგვიძლია სხვა ქვეყნებიც დავასახელოთ. და რა ხდება საქართველოში? რა ხდება უკრაინაში? ეს ქვეყნები არც ისე მარტივ მდგომარეობაში იმყოფებიან“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა ინტერვიუს დროს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე დაამატა, რომ ასეთი ქმედებები თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის შესახებ არსებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

„ეს სავსეა სერიოზული შედეგებით. სწორედ ამიტომ, ნატო-ს წევრი ქვეყნები კარგად უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მის საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსებას პოლიტიკური და სამხედრო გზით უპასუხებს.

როგორც დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, არავინ უარყოფს, რომ რუსეთს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესები აქვს.

„არავინ უარყოს, რომ რუსეთს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საკუთარი  ინტერესები აქვს. ჩვენ მძლავრი ქვეყანა ვართ, ატომური ქვეყანა ვართ და ჩვენს შემოგარენში ნატო-ს ბაზების განთავსების სურვილმა არ შეიძლება ჩვენში დადებითი ემოცია გამოიწვიოს. ჩვენ ამას ყოველთვის ვპასუხობდით და მომავალშიც ვუპასუხებთ პოლიტიკური და სამხედრო გზით“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.