დიმიტრი ლორთქიფანიძე - იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხის მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ
დიმიტრი ლორთქიფანიძე - იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხის მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სახლთან შეკრებილების მოთხოვნები არ შესრულდება, „აჯანყებისთვის მზადებას დაიწყებენ“.

„მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, ხელი არ აუკანკალდეთ, დააჭირონ ღილაკს, გამორთონ სერვერები, უარი განაცხადონ რეგისტრაციაზე და თქვან, ხუთი კალენდარული დღის განმავლობაში გავდივართ გაფიცვაზე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, როგორც ანტისახელმწიფოებრივ აქტს. ვპირდებით, რომ დავიცავთ მათ უფლებებს”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძის თქმით, იუსტიციის სახლში მათი ორი წარმომადგენელი, ემზარ კვიციანი და ზვიად ტომარაძე შევიდნენ.

„შევიტანეთ განაცხადი, დაგვპირდნენ, რომ შეგვიშვებდნენ. მზად ვართ ავუხსნათ, რა პროცესებთან გვაქვს საქმე. თუ ქართველი ხალხის მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

თბილისში, იუსტიციის სახლთან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ანტიქართულს“ უწოდებენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, იუსტიციის სახლში რამდენიმე ადამიანი შეუშვან და დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა შეჩერდეს ეს პროცესი, ვიდრე კანონი ამოქმედდება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.