დიმიტრი ლორთქიფანიძე ძალოსნობაში ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს მისი შვილის მიმართ პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს
დიმიტრი ლორთქიფანიძე ძალოსნობაში ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს მისი შვილის მიმართ პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მისი შვილი, ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნილი იქნა პირადი ანგარიშსწორების ნიადაგზე, ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას მიერ, – ამის შესახებ ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, თემურ ჯანჯღავას წინააღმდეგ თათია ლორთქიფანიძეს ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე არა ერთი საჩივარი ჰქონდა დაწერილი შევიწროებისა და აგრესიის გამოვლენის ფაქტებთან დაკავშირებით.

„დღეს, 6 აპრილს, ბათუმში სტარტს იღებს ევროჩემპიონატი ძალოსნობაში. ქალთა ნაკრებს ამ წუთამდე წარმოადგენდა ევრო 2018 ბრინჯაოს მედალოსანი, ჩემი ქალიშვილი თათია ლორთქიფანიძე, რომელიც ვერიფიკაციის პროცესში, 5 აპრილს მოხსნილი იქნა ასპარეზობიდან პირადი ანგარიშსწორების ნიადაგზე, ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას მიერ, რომლის წინააღმდეგაც თათიას ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე არა ერთი საჩივარი ჰქონდა დაწერილი შევიწროებისა და აგრესიის გამოვლენის ფაქტებთან დაკავშირებით! რეაქციამაც არ დააყოვნა და დღეს თათია ვეღარ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვეღარ გამოვა ვერც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 2020 წელს. რეალურად, სახეზეა სპორტსმენის მორალური მკვლელობისა და სახელმწიფო საბოტაჟის ფაქტიც, რადგან თათია ითვლებოდა ჩემპიონატის ფავორიტად“, – წერს ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, ის აპირებს სასამართლოში დაიცვას თავისი შვილის, ძალოსან თათია ლორთქიფანიძის უფლება.

ასევე დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველსაც მიმართავს, დროულად ჩაერიოს პროცესში.

„პირადი მწვრთნელი, გელა მახარაშვილი იქნება მოწმე ყველა იმ უმსგავსობისა, რასაც თათიას წინააღმდეგ სჩადიოდნენ ფედერაციის მესვეურები. მთელ პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ ძალოსნობის ფედერაციას და განათლების სამინისტროს სპორტის მიმართულებაზე პასუხისმგებელ პირებს“, – აღნიშნავს „ფეისბუქ“ სტატუსში დიმიტრი ლორთქიფანიძე.