დიმიტრი ლორთქიფანიძე - ჩვენ ვართ რიგითი პროტესტანტები, გვინდა, გავიგოთ პასუხები ხელისუფლებისგან იმ კითხვებზე, რომლებსაც ვარლამ გოლეთიანი და მისი გუნდის წევრები დღეს დააყენებენ
დიმიტრი ლორთქიფანიძე - ჩვენ ვართ რიგითი პროტესტანტები, გვინდა, გავიგოთ პასუხები ხელისუფლებისგან იმ კითხვებზე, რომლებსაც ვარლამ გოლეთიანი და მისი გუნდის წევრები დღეს დააყენებენ

ეს არის მშვიდობიანი აქცია. რიონის ხეობის მცველების გარდა, არავინ ერევა საორგანიზაციო საპასუხისმგებლო თემატიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ხელშეკრულების კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ჩვენ ვართ რიგითი პროტესტანტები, რომლებიც მოვედით ამ აქციაზე და გვინდა გავიგოთ პასუხები ხელისუფლებისგან იმ კითხვებზე, რომლებსაც ვარლამ გოლეთიანი და მისი გუნდის წევრები დღეს დააყენებენ ხელისუფლების წინაშე. რამდენად კანონიერია ხელშეკრულება, როგორ მოხდა 576 ჰექტარი მიწის გადაცემა კომპანიაზე, როგორ მოხდა ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის საკითხებთან დაკავშირებით პრეფერენციების მინიჭება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, როგორ მოხდა მდინარე რიონის კალაპოტის გაყიდვა 32 კმ. სიგრძეზე და როგორ მოხდა საერთოდ ის, რომ ორი წელია ამას მალავდნენ მოსახლეობისგან და ეს გახდა ახლა ცნობილი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

აქციის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.