დიმიტრი კულება აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის, ბელარუსს კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს
დიმიტრი კულება აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის, ბელარუსს კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს

უკრაინა მზად არის, ბელარუსს ამჟამინდელი კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შესუსტების გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ონლაინ კონფრენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

ვიდოეკონფერენცია ესტონეთის ინიციატივით ჩატარდა და ბელარუსის საკითხს მიეძღვნა. კულებას გამოსვლის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

კულებას განცხადებით, უკრაინა არასდროს ერეოდა და არ გეგმავს, ჩაერიოს ბელარუსის შიდა საქმეებში.

„ვიმედოვნებ, ყველა ქვეყანა, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის ფედერაციას, ანალოგიურ პოზიციას დაიცავს და თავს შეიკავებს ნებისმიერი ქმედებებისგან, მათ შორის სამხედრო შეჭრისგან, რამაც შესაძლოა, ბელარუსში ვითარების დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, ბელარუსის სტაბილური და დემოკრატიული განვითარება მნიშვენელოვანია არა მხოლოდ ბელარუსის მოსახლეობისთვის, არამედ მასთან მოსაზღვრე უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვისაც. კულებამ შეახსენა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინამ, პოლონეთმა და ლიეტუვამ შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვეს და მოუწოდეს მინსკს, უარი თქვას ძალის გამოყენებასა და გაათავისუფლონ დაკავებული დემონსტრანტები. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ ეს მოწოდება არ გაითვალისწინა, ამიტომ უკრაინამ ბელარუსთან უმაღლესი დონის ყველა  კონტაქტი შეაჩერა და მინსკიდან კიევში ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.