დიმიტრი ხუნდაძე - ყველა უწყება ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში, ჩვენი ერთობა უნდა იყოს გამორჩეული
დიმიტრი ხუნდაძე - ყველა უწყება ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში, ჩვენი ერთობა უნდა იყოს გამორჩეული

ყველა უწყება ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში, ჩვენი ერთობა უნდა იყოს გამორჩეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სოფელ ოძისთან განაცხადა, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.

„ვითარება რთულია საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. დაკავებულია ჩვენი მოქალაქე, ჩვენი ექიმი და ჩვენი მეგობარი. ის ჩემი მეგობარია და ჩვენ ერთად გვიმუშავია საოპერაციოში. ექიმებს არ ატყვევებენ, პირიქით, პირობას უქმნიან, რომ იმუშაონ. ექიმებისთვის არ არსებობს საზღვრები. ისინი იცავენ ნებისმიერ ადამიანს და იცავენ ავადმყოფების უფლებებს. ეს ყოველგვარ წესებს სცილდება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში ჩართულია საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები.

„ყველა უწყება დაწყებული ადგილობრივით დამთავრებული საერთაშორისო არის ჩართული. იცით, რომ არის რთული, საქმე გვაქვს ძალასთან, რომელიც ძალიან ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს არის დღევანდელი დასტური მათი დამოკიდებულება როგორ ეპყრობიან ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ ადამიანების ჯანმრთელობაზე. ჩვენი ერთობა აქ უნდა იყოს გამორჩეული, უნდა იყოს აბსოლუტურად ზეპარტიული, არა ეთნიკური დაყოფით, არა მრწამსით. ყველაზე მეტად ერთობა აქ უნდა შევქმნათ ჩვენ, ქართველებმა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.