დიმიტრი ხუნდაძე - ყველა გონიერი ხელისუფლება ემზადება მეორე ტალღისთვის, პარლამენტი მთავრობას უფლებას მისცემს, მართოს კრიზისი
დიმიტრი ხუნდაძე - ყველა გონიერი ხელისუფლება ემზადება მეორე ტალღისთვის, პარლამენტი მთავრობას უფლებას მისცემს, მართოს კრიზისი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პრაქტიკულად, ხვალ იწურება იმ კანონის მოქმედების ვადა, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევდა, რომ კრიზისი სწორად ემართა. ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ამის მერე რისკები იზრდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო რჩება პანდემიის პირობებში და მოსალოდნელია შესაძლო უფრო მძიმე მეორე ტალღა, საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, კრიზისი ისე წარმატებით მართოს, როგორც აქამდე. ამიტომ, ვადას ვახანგრძლივებთ ახალ წლამდე. ანუ, წლის ბოლომდე კანონს ექნება ძალა და ხელისუფლებას ბერკეტი, რომ მოსახლეობა დაიცვას და კრიზისი ეფექტურად მართოს.

ოპოზიციის ბრალდებები არის უსაფუძვლო, ხელისუფლებამ კრიზისი აქამდე ეფექტურად მართა და ამაზე მეტყველებს შედეგი, რომელიც განსხვავებულია უფრო მძლავრი ინსტიტუტების და ფინანსების მქონე სახელმწიფოებისთვის. ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას მოსახლეობის ჯანმრთელობა. ყველა გონიერი ხელისუფლება ემზადება მეორე ტალღისთვის. საქართველოც იქნება ამ მზადებაში ჩართული და მთავრობას პარლამენტი უფლებას მისცემს, მართოს კრიზისი, დაიცვას მოსახლეობა და ქვეყნის ინტერესები“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. კენჭისყრამდე ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.