დიმიტრი ხუნდაძე - ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაემიჯნონ მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ქმედებებს და დაგმონ მრავალსაუკუნოვან ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე მასიური შეტევა
დიმიტრი ხუნდაძე - ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაემიჯნონ მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ქმედებებს და დაგმონ მრავალსაუკუნოვან ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე მასიური შეტევა

საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ქმედებასთან და რელიგიური თემის პოლიტიზებასთან, რადგან ეკლესიას ერჩიან იმიტომ, რომ მორწმუნე მრევლის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების მხარდამჭერია, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე და ამით კომენტარს აკეთებს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე.

მისი თქმით, იმდენად ძლიერია სიძულვილის ენა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომ შესაძლოა, ამან უფრო ფართო მასშტაბები შეიძინოს და სახალხო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

„არ წყდება საქართველოს ეკლესიაზე შეტევა. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა ოპოზიციონერი აქტივისტის თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის მიერ საეკლესიო სიწმინდეების, თავად ეკლესიისა და პატრიარქის შეურაცხყოფა. იმდენად ძლიერია სიძულვილის ენა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომ შესაძლოა, ამან უფრო ფართო მასშტაბები შეიძინოს და სახალხო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თუ რატომ იქცევიან ქართული ოპოზიცია და მათი „ენჯეოები“ ასე, პასუხი მარტივია: მათთვის ჭეშმარიტი ღირებულებები არ არსებობს. მაგრამ რისთვის ხარჯავენ უცხოური ორგანიზაციები ფულს საქართველოში, თუკი ქვეყანაში ყველაზე დიდი სამოციქულო ეკლესიის უფლებებს ვერ იცავენ? მათ უფლება არა აქვთ, შერჩევითი პოლიტიკა აწარმოონ კონფესიების მიმართ. როდესაც უცხოური ფულით დაფინანსებული ნატა ფერაძის, ელენე ხოშტარიას, ბექა მინდიაშვილის თუ სხვათა არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულ შეტევას ახორციელებენ ქართულ ეკლესიაზე, რომელთანაც კონკორდატი აქვს გაფორმებული სახელმწიფოს, სხვა არაფერი დაგვრჩენია, ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ქმედებასთან და რელიგიური თემის პოლიტიზებასთან, რადგან ეკლესიას ერჩიან იმიტომ, რომ მორწმუნე მრევლის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების მხარდამჭერია. ასევე, ჭეშმარიტ ღირებულებებს აკნინებენ, რადგან ხელისუფლება სწორედ ამ ღირებულებების დამცველია. ძალიან არ გვსურს, ამაში დავრწმუნდეთ და ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაემიჯნონ მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ქმედებებს და დაგმონ მრავალსაუკუნოვან ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე მასიური შეტევა,“ – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.