დიმიტრი ხუნდაძე - ვითარებაში, როცა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პერიოდში ქვეყანამ გარკვეული ეკონომიკური ზიანი მიიღო, ორ ადგილზე მუშაობის აკრძალვა, სწორი არ იქნება
დიმიტრი ხუნდაძე - ვითარებაში, როცა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პერიოდში ქვეყანამ გარკვეული ეკონომიკური ზიანი მიიღო, ორ ადგილზე მუშაობის აკრძალვა, სწორი არ იქნება

ამ ვითარებაში ორ სამუშაოზე მუშაობის აკრძალვა სწორი არ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„შესაძლოა, კარგი საქმე იყოს გასაკეთებელი, მაგრამ ამისთვის კარგი დრო იყოს შესარჩევი. თუ დრო სწორად არ იქნა შერჩეული, სიკეთე შეიძლება, უსარგებლობაში გადაიზარდოს. ამ ვითარებაში, როცა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პერიოდში ოჯახებმა და ქვეყანამ გარკვეული ეკონომიკური ზიანი მიიღო, ორ სამუშაო ადგილზე მუშაობის აკრძალვა ვფიქრობ, სწორი არ იქნება. ადამიანები ორ სამსახურში დადიან არა იმიტომ, რომ ჭარბი დრო აქვთ, ან საკუთარ თავს ფუფუნების მეტ უფლებას აძლევენ, არა, უბრალოდ, შესაძლოა, მათ აქვთ მეტი რესურსი და სურვილი, რომ იმუშაონ და უფრო მეტი ანაზღაურება მიიღონ, ვიდრე ერთ სამსახურში მიიღებენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არის დეფიციტური პროფესიები და თუ ადამიანს ორ და მეტ სამსახურში მუშაობის უფლება არ ექნება, გარკვეულ სფეროებში დეფიციტი შეიქმნება.

„არის კლინიკები, სადაც ქირურქი თანხმდება, რომ დათქმულ დროს მივა და ოპერაციას გააკეთებს. რა თქმა უნდა, სჯობს, მას ერთ კლინიკაში ჰქონდეს საქმე, იქ ემსახურებოდეს პაციენტს და მეორე-მესამე კლინიკაში არ იყოს წასასვლელი, მაგრამ აქ არის მისი ინტერესი და დარგის ინტერესიც, რადგან არის დეფიციტური პროფესიები. მაგალითად, არის ასე, რომ ექთნები რამდენიმე ადგილას მუშაობენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, კანონპროექტის ავტორმა შეთავაზება გაითვალისწინა და ეს მუხლები უკვე ამოღებულია.

„ასე რომ, ეს პრობლემა არ იქნება და თუ ადამიანს სურვილი და შესაძლებლობა აქვს, თავისი საქმიანობა ხარისხიანად განახორციელოს, მას შეეძლება, თუნდაც, ორ ადგილას იმუშაოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიდის თუ არა მუშაობა სპეციალურ კანონპროექტზე, რომელმაც მინიმალური ხელფასის საკითხი უნდა დაადგინოს და როდის შეიძლება, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას ველოდოთ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ამაზე მუშაობა მიდის, მაგრამ ეს ძალიან რთული პროცესია.

„ეს ძალიან ბევრ ასპექტზეა დამოკიდებული და ძირითადად, რა თქმა უნდა, ფინანსებზეც. სწორედ ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან მძლავრი გადამუშავება, სწორი შერჩევა, საფინანსო ფილტრების გავლა და შემდეგ შეიძლება ამგვარი გადაწყვეტილების მიღება. ეს არის პროცესი, რომელიც დაწყებულია და ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ, ფორმულირებული, გამართული წარვუდგინოთ საზოგადოებას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.