დიმიტრი ხუნდაძე - ვეკითხებით მათ, ვინც ჩვენს კითხვებს ანტიდასავლურ ქმედებად აფასებს, ეს თუ ანტიდასავლურია, არესტოვიჩის ქმედება დასავლური სტანდარტია?
დიმიტრი ხუნდაძე - ვეკითხებით მათ, ვინც ჩვენს კითხვებს ანტიდასავლურ ქმედებად აფასებს, ეს თუ ანტიდასავლურია, არესტოვიჩის ქმედება დასავლური სტანდარტია?

ვეკითხებით მათ, ვინც ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ანტიდასავლურ ქმედებად აფასებს, ეს თუ ანტიდასავლურია, არესტოვიჩის ქმედება დასავლური სტანდარტია? – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, „რაღაც არ ესმის ამერიკის ელჩის განცხადება უკრაინის ხელისუფლების ძალისმიერ მუქარაზე“.

ამასთან, როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, არესტოვიჩის განცხადება არის შანტაჟი კონკრეტული მიზნის მისაღწევად და მუქარა ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის წინააღმდეგ.

„ის, რასაც უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ კადრულობს, არის ყოვლად უღირსი საქციელი. დღეს კი, გარდა უღირსი საქციელისა, ისინი ღია შანტაჟზე და სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრობენ. არესტოვიჩის ხმამაღალი განცხადება „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას და გავათავისუფლებთ საქართველოს“, სხვა არაფერია, თუ არა ძალისმიერი მუქარა ჩვენი ქვეყნის მიმართ.

უკრაინის ხელისუფლება ბოლომდე ცდილობს, რომ როგორმე ჩაითრიოს საქართველო ომში და ასევე დააბრუნოს სააკაშვილის ხელისუფლება. ბუნებრივია, ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებენ და ეს იმ ერთიანი სქემის ნაწილია, ვისაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, აქ ქართველი ხალხი წყვეტს ქვეყნის ბედს და არა „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერილი უკრაინის ხელისუფლება.

ვეკითხებით მათ, ვინც ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ანტიდასავლურ ქმედებად აფასებს, ეს თუ ანტიდასავლურია, არესტოვიჩის ქმედება დასავლური სტანდარტია?  ჩვენთვის დემოკრატია ორმაგი სტანდარტის არ არის. ადვილი მისახვედრია, თუ ვინ დგას უკრაინის ხელისუფლების უკან და რა მიზნები ამოძრავებთ მათ. მართალია, მათი ყოველგვარი მცდელობა უშედეგოა, მაგრამ, რომ ცდილობენ, ესეც უკვე სახიფათოა ქართველი ხალხისთვის. მსგავსი პოლიტიკური თავხედობა რომ ვინმეს აქედან ეკადრებინა მათთვის, განცხადებების და „დაგმობების“ კორიანტელი იქნებოდა საქართველოში. დღეს კი რაღაც არ გვესმის ამერიკის ელჩის განცხადება უკრაინის ხელისუფლების ძალისმიერ მუქარაზე. ეს არის ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ – შერჩევითი დემოკრატია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მიუხედავად იმისა, რომ არესტოვიჩის განცხადება არის შანტაჟი კონკრეტული მიზნის მისაღწევად და მუქარა ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის წინააღმდეგ, ვერც ის და ვერც მისი თანამოაზრენი მათთვის სასურველ მიზანს ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.