დიმიტრი ხუნდაძე - უმრავლესობის შეხვედრაზე გუნდური თამაშის წესებზე ვისაუბრებთ 
დიმიტრი ხუნდაძე - უმრავლესობის შეხვედრაზე გუნდური თამაშის წესებზე ვისაუბრებთ 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე მოსამართლეების საკითხზე საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, კიდევ არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც საჭიროა შეთანხმება.

„ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით. ასევე ვფიქრობ, საუბარი იქნება გუნდური წესების თამაშზე. ამაზე მსჯელობაც შედეგიანი იქნება. ზოგიერთ ჟურნალისტს მოლოდინი აქვს, რომ გუნდში იმაზე ნაკლები გამოვალთ, ვიდრე შევალთ, ეს ასე არ იქნება, რადგან ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. თითოეულ გუნდის წევრს თავის წილი დამსახურება აქვს. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. მაგრამ მიზანი ერთია. ეს გუნდი არსებობს არა მხოლოდ იმისთვის, რომ გუნდი იყოს, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გააზრებული პასუხისმგებლობა აიღოს და ქვეყანა სწორად წაიყვანოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დღეს გაიმართება. მსჯელობის მთავარი თემა ის რეგულაციები და კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიონ.