დიმიტრი ხუნდაძე - უკვე მერამდენედ დასტურდება, რომ სააკაშვილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და გამჟღავნებული დიდი თანხები მისი პასუხისმგებლობიდან დახსნას ემსახურება
დიმიტრი ხუნდაძე - უკვე მერამდენედ დასტურდება, რომ სააკაშვილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და გამჟღავნებული დიდი თანხები მისი პასუხისმგებლობიდან დახსნას ემსახურება

უკვე მერამდენედ დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, უკვე გაჟღერებული და გამჟღავნებული დიდი თანხები ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობიდან დახსნას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, გამოსავალი არ არის ასეთი სტრატეგია და მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობა უნდა გაითავისოს.

„ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, რატომ ამხელა ჩართულობა, ლობისტურ კომპანიებში ამხელა ფინანსები, მილიონ დოლარამდე გადახდილი, ცალკე კითხვაა საიდან, მაგრამ სამედიცინო მიმართულებით კიდევ 300-350 ათასი დოლარია დახარჯული. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე თუ ზრუნავენ მისი მხარდამჭერები, ვფიქრობ, ასეთი სტრატეგია სხვა რამეზე მეტყველებს და მის ჯანმრთელობას არ ემსახურება.

როდესაც გაჟღერდა ლობისტურ კომპანიაზე და სამედიცინო მიმართულებით, ექსპერტებზე ერთად დახარჯული დაახლოებით მილიონი დოლარი, ეს არის სტრატეგიის, დაგეგმარების დანახარჯი, ამას კიდევ სჭირდება აღსრულება. წარმოიდგინეთ, აღსრულებაში ალბათ რამდენჯერმე გადააჭარბებს დანახარჯები. გამოსავალი არ არის ასეთი დაგეგმარება და სტრატეგია, გამოსავალი არის, რომ საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობა უნდა გაითავისონ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მეგობრებმა, პოლიტიკურმა თუ აპოლიტიკურმა.

მიხეილ სააკაშვილს კი არ უნდა უკიჟინონ, რომ რაც მეტად იშიმშილებს და დააზიანებს თავის ჯანმრთელობას, ამით შესაძლებელს გახდის შედეგზე გასვლას, მას უნდა ურჩიონ, რომ მიირთვას და რეალობას შეეგუოს. ლობისტური კომპანიის ფინანსური დაინტერესებით, ამ ქმედებას მიხეილ სააკაშვილისთვის შედეგი ვერ ექნება, მაგრამ პოლიტიკურ გარემოს აზიანებს. ისინი ცდილობენ, დააზიანონ ქვეყნის იმიჯი, შიგნითაც და გარეთაც. რა თქმა უნდა, ეს ზიანი გარკვეულწილად არის, თუმცა საქართველო, როგორც სახელმწიფო, არის ძლიერი, სამართლებრივი სახელმწიფო, ამ რყევებსაც გაუძლებს, მაგრამ არ დათმობს, რომ რაიმე ფულის ფასად ან ლობისტური კომპანიის ფასად, თაღლითურად სამართალი იყოს იგნორირებული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა. ამასთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა.