დიმიტრი ხუნდაძე - „სტრატეგია აღმაშენებელმა“ უზნეო ქმედებით „ნაცმოძრაობას“ გაუსწრო, ოპოზიციის დიდი ნაწილი უინტელექტო არსებების თავშეყრაა, სირცხვილი, პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან
დიმიტრი ხუნდაძე - „სტრატეგია აღმაშენებელმა“ უზნეო ქმედებით „ნაცმოძრაობას“ გაუსწრო, ოპოზიციის დიდი ნაწილი უინტელექტო არსებების თავშეყრაა, სირცხვილი, პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ უსინდისობით და უზნეო ქმედებით „ნაცმოძრაობას“ გაუსწრო, ელემენტარული კულტურაა, რომ კოლეგას ეს არ უნდა აკადრო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის კომენტარს, რომელიც მან მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა: „სახელ-გვარ წართმეული ადამიანების კომენტარზე კომენტირება, ჩემი აზრით, სირცხვილია. ამ ადამიანებმა ჯერ სახელი და გვარი დაიბრუნონ, განცხადებებს რომ სხვა უწერს და მათი სახელი და გვარით აქვეყნებს, ჯერ თავიანთი სახელი და გვარი დაიბრუნონ“.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შეურაცხმყოფელი რიტორიკა არის ქართული პოლიტიკის უბედურება.

„სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციის დიდი ნაწილი უინტელექტო არსებების თავშეყრაა. სირცხვილი, პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან. დადიან უცხოეთში კარდაკარ და საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობებს ითხოვენ ისე, რომ ქვეყნის ბედი არ აინტერესებთ. ის კი არ იციან, რომ საკუთარ ხალხს უნდა სთხოვონ, ანდონ ქვეყნის მართვა. ამდენი მარცხის შემდეგაც ვერ ისწავლეს, რომ ჯერ ქართველ ხალხს უნდა ემსახურონ და შემდეგ უცხოეთს, ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვან და შემდეგ სხვისი. ვიდრე ამას არ შეიგნებენ, მანამდე მათი სიტყვა დარჩება „მდაბიოთა ხმა მღაღადებლისა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.