დიმიტრი ხუნდაძე - სასაცილოა, როდესაც ამხელა ქველმოქმედს, რომელსაც უცნობი ადამიანებისთვის მილიარდები აქვს დახარჯული, სდებენ ბრალს, რომ ვიღაცას ოთხ მილიონს სთხოვდა
დიმიტრი ხუნდაძე - სასაცილოა, როდესაც ამხელა ქველმოქმედს, რომელსაც უცნობი ადამიანებისთვის მილიარდები აქვს დახარჯული, სდებენ ბრალს, რომ ვიღაცას ოთხ მილიონს სთხოვდა

დღევანდელი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება საპრეზიდენტო არჩევნები და ის გუნდური ერთიანი დამოკიდებულება, რა მხარდაჭერაც გამოხატა მმართველმა პარტიამ, რომ მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, მმართველი გუნდის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს და ბრალდებებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ხუნდაძე სასაცილოს უწოდებს.

„ეს სასაცილოა, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა მუშაობდეს და დეტალები უნდა დაადგინოს. ვფიქრობ, ასეც იქნება, ძალიან მალე ფარდა აეხდება ყველაფერს, მაგრამ სასაცილოა, როცა ამხელა ქველმოქმედს მილიარდები აქვს დახარჯული არამხოლოდ სახელმწიფოსათვის, არამედ ადამიანებისთვის, რომელსაც საერთოდ არც იცნობდა და მას სდებენ ბრალს, რომ ის ვიღაცას სთხოვდა ოთხ მილიონს, ეს არის უბრალოდ სასაცილო და აბსურდული.

სისულელეზე რეაქცია, ვფიქრობ, ღიმილისმომგვრელია, მაგრამ დეტალები, რაც მოითხოვს პროკურატურის ჩარევას და საკითხების გარკვევას, აქ პროკურატურა უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ჩანაწერების ავთენტურობა – ის, თუ ვინ ვის დებს ბრალს, ეს არის პროკურატურის განსახილველი ნაწილი. ვუსმინე ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს და ვუსმინე იმასაც, რომ მხარს უჭერს მოძალადეებს და ამისთვის იყენებს ყველა სიბინძურეს. საკუთარი ვალი გადასახდელი აქვს და რომ არ გადაიხადოს, ამისთვის ჩირქს სცხებს ადამიანებს, რომლსაც თეორიულად არ შეიძლება რომ ამასთან საერთო ჰქონდეთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს ადანაშაულებს. როგორც ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა, მას ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ოთხი მილიონის გადახდა მოსთხოვა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბიზნეს სფეროზე რეკეტი გააძლიერა, რაშიც, მისივე თქმით, ივანიშვილი ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს გიორგი გახარიას აქტიურად იყენებს.