დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ინფექციის შედარებით დაბალი გავრცელება მიღწეულია სწორედ იმ რეგულაციებითა და აკრძალვებით, რაც დისკომფორტს ქმნის, ამიტომ წესები უნდა დავიცვათ
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ინფექციის შედარებით დაბალი გავრცელება მიღწეულია სწორედ იმ რეგულაციებითა და აკრძალვებით, რაც დისკომფორტს ქმნის, ამიტომ წესები უნდა დავიცვათ

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება აუცილებელი იყო.

ხუნდაძის თქმით, სწორედ რეგულაციებისა და აკრძალვების შედეგია, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ეპიდვითარება უკეთესია.

„პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას აბსოლუტურად შეგნებულად დაუჭირა მხარი. ვითარება არის საგანგებო და მას საგანგებო მართვა სჭირდება. ვფიქრობ, რომ ეს იყო აუცილებელი. ის შედეგიც, რაც დღეს გვაქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ინფექციის დაბალი გავრცელება და, სამწუხაროდ, ხუთის გარდაცვალება და არა ამაზე მეტის,  მიღწეულია იმ რეგულაციებით, იმ აკრძალვებით, რაც ზოგჯერ ქმნის დისკომფორტს, ზოგჯერ შესრულებაც არის რთული.

მაგრამ, ვფიქრობ, ბევრად უფრო რთულია დაინფიცირებული პაციენტი და წარმოუდგენლად მძიმეა, როდესაც ის არის აპარატზე შეერთებული, არის მაღალი რისკის ქვეშ, რომ შესაძლოა, დასასრული არც თუ ისე სახარბიელო იყოს. რეგულაციები მაღალ ხარისხში შევასრულოთ, დავიცვათ ეს წესები. რაც უფრო კარგად დავიცავთ, მით უფრო მოკლე იქნება ის ვადა, როცა ჩვენ დაგვჭირდება რეგულაციები და მალე გამოვალთ ამ ვითარებიდან“ , – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის განმარტებით, წესები ყველგან დაცული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ, სადაც დარღვევები დაფიქსირდება, ინფექციის გავრცელების რისკიც მოიმატებს.

„ვფიქრობ, წესები ყველგან უნდა იყოს დაცული. სადაც ის დაირღვევა, იქ ყველგან იქნება ინფექციის გავრცელების მაღალი რისკი“ ,- განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთანმ ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის შენიშვნები ძირითადად არის სპეკულაციური, თუმცა თუ სადმე შენიშვნა გასათვალისწინებელი იქნება, გაითვალისწინებენ.