დიმიტრი ხუნდაძე - საქართველომ ეპიდემიოლოგიურად სტაბილური მდგომარეობა ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველომ ეპიდემიოლოგიურად სტაბილური მდგომარეობა ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველომ ეპიდემიოლოგიურად სტაბილური მდგომარეობა ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, საქართველო ეპიდემიოლოგიური კუთხით შედარებით უკეთესად გამოიყურება, რაც იმ რეგულაციების დამსახურებაა, რომელიც დროულად იყო მიღებული.

„ხედავთ, რომ ამ ეტაპზე, ყველასთვის სასურველი შედეგია დამდგარი. 90 საკარანტინო ზონაა. ამანაც თავისი პოზიტიური როლი ითამაშა, რადგან ძირითადად, იმპორტირებული შემთხვევები იყო, შიდა გავრცელება უფრო დაბალ ხარისხში იყო. 39 ათასი შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, დაახლოებით 42 ათასი ტესტია ჩატარებული. ამ დროისთვის 701 დადასტურებული შემთხვევაა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია – 12. პროცენტული მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი, ერთ პროცენტზე მეტი, მაგრამ არა – ორი პროცენტი. არის ქვეყნები, სადაც გარდაცვალების მაჩვენებელი 14 პროცენტს აღწევდა. დაინფიცირების თვალსაზრისით გამორჩეულია – ბოლნისი, თეთრიწყარო, მარნეული. აღნიშნულ ადგილებში შეინიშნება ეპიდემიოლოგიურად პოზიტიური დინამიკა, თუმცა სხვა რეგიონებიდან განსხვავებით, მაინც გარკვეული სირთულეები ზოგჯერ დამყოლობის კუთხით იქაც არსებობს. კლინიკებში მკურნალობას გადის დაახლოებით 215-220 პაციენტი. ეპიდემიოლოგები მაინც ფრთხილობენ და გარკვეული არგუმენტებიც გააჩნიათ, რადგან შესაძლოა, მოსალოდნელი იყოს მეორე და შემდეგი ტალღაც. კარგია, რომ რეგულაციების შემსუბუქების რეჟიმზე გადავედით, რადგან ერთია ჯანმრთელობის დაცვა და მეორე – ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნება, რომ სასტარტო მდგომარეობას მაინც სწრაფად დავუბრუნდეთ და არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები. სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს, წესები უნდა დავიცვათ. მადლობას ვუხდი ექიმებს, მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად, წინა ხაზზე არიან. პროცესებში აქტიურად იყო ჩართული ჯანდაცვის კომიტეტიც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დატოვე კომენტარი