დიმიტრი ხუნდაძე - საგანგებო მდგომარეობა კიდევ დაგვჭირდება თუ არა, დამოკიდებულია ეპიდვითარების შესაძლო გართულებასა და საზოგადოების დამყოლობაზე
დიმიტრი ხუნდაძე - საგანგებო მდგომარეობა კიდევ დაგვჭირდება თუ არა, დამოკიდებულია ეპიდვითარების შესაძლო გართულებასა და საზოგადოების დამყოლობაზე

საგანგებო მდგომარეობა კიდევ დაგვჭირდება თუ არა, დამოკიდებულია ეპიდვითარების შესაძლო გართულებასა და საზოგადოების დამყოლობაზე, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსის ხასიათიდან გამომდინარე, მოსალოდნელია შესაძლო მეორე ტალღა, რომელსაც ხუნდაძის თქმით, შესაძლებელია, უფრო მეტი ზიანი მოჰყვეს.

„ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს, ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიურად საკმაოდ პოზიტიურად გამოვიყურებით, ჩვენც არ გვაქვს უფლება, თვითკმაყოფილებას მივეცეთ და არ მოვემზადოთ შესაძლო მეორე ტალღისთვის. ეს იქნება თუ არა, სამზადისი აუცილებლად ჩასატარებელია. დღევანდელი ბიუჯეტის პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ნაწილი იყო ის, რომ ბიუჯეტი გათვლილია მოსალოდნელ შესაძლო მეორე ტალღის შემთხვევაში კრიზისის მართვისთვისაც.

საგანგებო მდგომარეობა დაგვჭირდება თუ არა, ორ გარემოებაზეა დამოკიდებული – ეპიდვითარების შესაძლო გართულებასა და საზოგადოების დამყოლობაზე. აქამდე ეპიდვითარება საზოგადოებასთან ერთად კარგად ვმართეთ და შესაბამისად, არის დადებითი შედეგი. მაგრამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს არც ხელისუფლებამ, არც მმართველმა გუნდმა და არც საზოგადოებამ“,- განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, პირბადე აუცილებელი ატრიბუტი უნდა გახდეს იქამდე, ვიდრე ცხოვრება პანდემიის რეჟიმში გვიწევს.

„უნდა დავიცვათ წესები. ფიზიკური დისტანცირება, ჰიგიენური წესების დაცვა – ეს არის სავალდებულო და აუცილებელი. ნიღაბი უნდა გავხადოთ აუცილებელ ატრიბუტად იქამდე, ვიდრე ცხოვრება პანდემიის რეჟიმში გვიწევს, რომ დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და არ დავაზიანოთ სხვისი ჯანმრთელობაც. თუ ამ წესებს დავიცავთ, რა თქმა უნდა, შანსი იმის, რომ არ დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობა, უფრო იზრდება. თუმცა შესაძლოა, ყველა წესის დაცვის მიუხედავად, მოსალოდნელი მეორე ტალღა რეალური გახდეს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.