დიმიტრი ხუნდაძე - სააკაშვილის შეწყალება არ იქნება ზურაბიშვილის სწორი გადაწყვეტილება, არ შეიძლება, პოლიტიკური ზეწოლებით და გარე დაკვეთებით ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება
დიმიტრი ხუნდაძე - სააკაშვილის შეწყალება არ იქნება ზურაბიშვილის სწორი გადაწყვეტილება, არ შეიძლება, პოლიტიკური ზეწოლებით და გარე დაკვეთებით ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.

მისივე თქმით, პრეზიდენტი გარკვეული ზეწოლის ქვეშ არის, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მას არაერთხელ სტუმრობდნენ.

ამასთან, როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „ძალიან რთულია პროგნოზი, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს“.

„ეს მარტივი იყო მაშინ, როცა თავისი პოზიცია მკვეთრად გამოხატა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებდა და ამას არასოდეს იზამდა, მაგრამ მისი მდუმარე და გაურკვეველი პოზიცია წინასწარ პროგნოზს ართულებს. ეს შეიძლება დასაშვებს ხდიდეს, რომ შეიძლება, შეიწყალოს. მართალია, შეწყალება მისი უფლებაა, მაგრამ ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება, რადგან ქვეყანაში სამართალს თავისი მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს და არ შეიძლება, პოლიტიკური ზეწოლებით და გარე დაკვეთებით ხდებოდეს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება. მთავარი ინტერესი უნდა იყოს სამართლის უზენაესობა, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება, ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება.

რაც შეეხება ბულინგს, ალბათ სჯობს, დააკონკრეტოს, რა ბულინგზე საუბრობს. ვფიქრობ, პრეზიდენტი გარკვეული ზეწოლის ქვეშ არის, რადგან ხედავთ, რომ თურმე „ნაცმოძრაობის“ წევრები არაერთხელ სტუმრობენ. ვფიქრობ, ეს საკითხი გარე ზეწოლების გარეშეც არ არის მის მიმართ. ცუდია, როცა პრეზიდენტი საკუთარ მოქალაქეებს უწოდებს მივარდნილებს, რომელთაც საკუთარ თავზე გადაიტანეს მძიმე პროცესები. საყურადღებოა, როცა გიული ალასანია ამბობს, რომ ეს ხალხი გაურკვეველი წარმომავლობისაა. თუ წარსული არ შეფასდება სწორად და ამას სწორად არ აფასებენ დანაშაულის ჩამდენები, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ შევაფასეთ წარსული და იზრდება რისკები, რომ თუ დამნაშავეს კიდევ მიეცემა ეს ბერკეტი, დანაშაულს ისევ ჩაიდენს“, – განაცხადა ხუნდაძემ.