დიმიტრი ხუნდაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობაზე უმეტესად უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ხშირად ამას პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცევენ
დიმიტრი ხუნდაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობაზე უმეტესად უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ხშირად ამას პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცევენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილის „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას გამოეხმაურა.

ხუნდაძის თქმით, ასეთ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერ მსჯავრდებულს აქვს. მისივე განცხადებით, მთავარია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უმეტესად ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა.

„ასეთ სერვისზე ხელმისაწვდომობა აქვს ნებისმიერ მსჯავრდებულს. იგივე საშუალება გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმაც, როცა პატიმრობის საწყის ეტაპზე მან შიმშილობა გამოაცხადა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭირო გახდა გორის კლინიკაში გადაყვანა. აქ გასაკვირი არაფერია. მთავარია, საჭიროება ობიექტურად იყოს შეფასებული და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უპირატესად, უმეტესად ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ხშირად პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცევენ სააკაშვილის ჯანმრთელობას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზეს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა. საკითხთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საშუალებით განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმაც, სადაც აღნიშნავს, რომ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით რამდენიმე პირობას აყენებს.