დიმიტრი ხუნდაძე - რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხები პოლიტიკურ ჭრილში ვერ განიხილება, სხვა საკითხებზე „ქართული ოცნება“ მზადაა კომპრომისისთვის
დიმიტრი ხუნდაძე - რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხები პოლიტიკურ ჭრილში ვერ განიხილება, სხვა საკითხებზე „ქართული ოცნება“ მზადაა კომპრომისისთვის

რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხები პოლიტიკურ ჭრილში ვერ განიხილება, სხვა საკითხებზე „ქართული ოცნება“ მზადაა კომპრომისისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და „ქართული ოცნება“ ამ ბერკეტს გამოიყენებს.

„ქართული ოცნება“ მზად არის, პოლიტიკური შეუთანხმებლობა რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას და ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდეს. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და ჩვენ ამ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ კომპრომისი იყოს შეთავაზებული პოლიტიკური ოპონენტისთვის, მაგრამ მათი მხრიდანაც უნდა იყოს მზაობა, რომ შეთანხმებით დასრულდეს. კომპრომისი სამართლებრივ საკითხებს ვერ გასცდება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება და საკმარისი არ არის ის, რომ ვიღაცას არჩევნების შედეგები არ მოეწონა. ხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების არც ერთ განცხადებაში არ იკითხება ის, რომ არჩევნები გაყალბდა. ამიტომ, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არავითარი საფუძველი არ აქვს, მით უმეტეს სამართლებრივი. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და მით უმეტეს, საკითხები ვინ იყოს საპატიმროში და ვინ არა, არ არის პოლიტიკური განხილვის თემა. ეს მოლაპარაკების მაგიდაზე ვერ განიხილება, ეს არის სასამართლოს თემა. ეს საკითხები პოლიტიკურ ჭრილში ვერ განიხილება, სხვა საკითხებზე რეფორმებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ მზადაა კომპრომისისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.