დიმიტრი ხუნდაძე - რეგულაციების მოხსნა უნდა იყოს გეგმაზომიერი და მოხდეს ეპიდვითარებიდან გამომდინარე
დიმიტრი ხუნდაძე - რეგულაციების მოხსნა უნდა იყოს გეგმაზომიერი და მოხდეს ეპიდვითარებიდან გამომდინარე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ამა თუ იმ შეზღუდვის მოხსნა უნდა გამომდინარეობდეს ეპიდვითარებიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭო მოქმედებს ძალიან ეფექტურად, რაც პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც.

მან უპასუხა „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას, რომელიც ეკონომიკის სწრაფ გახსნასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითვალისწინებს.

„საქართველომ აჩვენა კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო შედეგი. ის, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით კრიზისულ ფაზაში, ამაზე საუბრობენ ეპიდემიოლოგები, დარგის ექსპერტები და ზოგადადაც, მიჩნეულია რომ, შიდა გავრცელების მეექვსე-მეშვიდე-მერვე კვირა, რა ეტაპზეც ახლა საქართველო იმყოფება, არის ეპიდემიოლოგიურად ყველაზე სახიფათო და საყურადღებო პერიოდი. ასე რომ, მით უმეტეს ამ პერიოდისათვის რეგულაციების მოხსნა უნდა იყოს გეგმაზომიერი და თანმხვედრი ეპიდვითარებასთან და გადაჭარბებული, არა მხოლოდ სურვილებზე ან მით უმეტეს, ვიღაცის პოლიტიკურ სარგებელზე დამოკიდებული. ეს არის სახიფათო, ამიტომ „ევროპული საქართველოს“ ულტიმატუმები, მით უმეტეს ამ პერიოდში და ამ ფაზაში, როცა საპირწონედ შესაძლოა ხიფათის ქვეშ დადგეს საზოგადოების ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება, ეს არის არა მხოლოდ უსაფუძვლო, არამედ ხიფათის შემცველი.

მე ვფიქრობ რომ, ისინი ვერ ერკვევიან ამ საკითხში ან განზრახ უბიძგებენ საზოგადოებას, რომ მათში გამოიწვიონ მღელვარება. მღელვარებაში კი, მათ ნახონ პილიტიკური სარგებელი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.