დიმიტრი ხუნდაძე - რეგლამენტში პარლამენტის ადგილმდებარეობად ან თბილისი და ქუთაისი უნდა განისაზღვროს ან მისამართი საერთოდ არ იყოს მითითებული
დიმიტრი ხუნდაძე - რეგლამენტში პარლამენტის ადგილმდებარეობად ან თბილისი და ქუთაისი უნდა განისაზღვროს ან მისამართი საერთოდ არ იყოს მითითებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ რეგლამენტის პროექტში პარლამენტის ადგილმდებარეობად ან თბილისი და ქუთაისი უნდა განისაზღვროს, ან მისამართი საერთოდ არ უნდა იყოს მითითებული.

როგორც ჟურნალისტებს ხუნდაძემ განუცხადა, ორივე ქალაქის მითითების ან მისამართის საერთოდ არ განსაზღვრის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს საშუალება ექნება, საჭიროებისას, სხდომები როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში ჩაატაროს.

„ეს საკითხი პრობლემას რომ წარმოადგენს, გუშინდელმა ვითარებამ აჩვენა. ღილაკის დაჭერისთვის, 10 წუთიანი სხდომისთვის სამ-სამი საათი ქუთაისისა და თბილისის გზას დასჭირდა. დრო ფუჭად იხარჯება, ჭარბ ფინანსურ დანახარჯებზე აღარ ვსაუბრობ”, – აღნიშნა ხუნდაძემ.

დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ ეთიკის საბჭოს რეგლამენტში ასახვა ზედმეტია.

„დეპუტატის თავისუფლების ხარისხი ბოლომდე შენარჩუნებული უნდა იყოს და არ შეიძლება, დეპუტატის გამოსვლას მეორე დეპუტატი აფასებდეს. ზედმეტი ბარიერების შექმნა სწორი არ არის“, – დასძინა ხუნდაძემ.

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებს განიხილავენ. დარგობრივი, აგრარულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და გარემოს დაცვის კომიტეტების წევრებს ცვლილებების არსს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გააცნობს.

პარლამენტის რეგლამენტის პროექტში საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობად მხოლოდ ქუთაისია მითითებული. რაც შეეხება ეთიკის საბჭოს, საბჭო პოლიტიკური პარტიების კვოტებით დაკომპლექტდება და კანონმდებელთა მხრიდან ეთიკის ნორმების დარვევაზე იმსჯელებს, ამ კუთხით, გათვალისწინებულია სანქციებიც.