დიმიტრი ხუნდაძე - რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი გრძელდება, წინ გვაქვს ყველაზე რთული ფაზა, რასაც, დარწმუნებული ვარ, ნაკლები დანაკარგებით გავივლით
დიმიტრი ხუნდაძე - რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი გრძელდება, წინ გვაქვს ყველაზე რთული ფაზა, რასაც, დარწმუნებული ვარ, ნაკლები დანაკარგებით გავივლით

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი გრძელდება.

მისივე თქმით, საზედამხედველო ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება და თითოეულ რეგიონში ეყოლებათ წარმომადგენელი, რომელიც ხარვეზებს დააფიქსირებს.

„თუ იქნება სადმე ხარვეზები, იქნება პირდაპირ ხაზზე მოწოდებული ინფორმაცია. ჩვენ მოვახდენთ სწრაფ რეაგირებას. ჩვენ შევდივართ კრიტიკულ ფაზაში, ანუ პირველი მიღების ზოლი იქნება სწორედ ჰოსპიტალური სექტორი. ამიტომ ეს სისტემა უნდა იყოს მყარი, რათა ნებისმიერი სიმძიმე დაძლევადი იყოს, დაცული იყოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. რეგიონებში ვაფასებთ, თუ როგორ არის მზად კონკრეტული კლინიკის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ პროგრამაშია ჩართული. რა ხარისხითაა დატრენინგებული პერსონალი, როგორ არიან მზად ამ ვითარებისათვის. ინდივიდუალური დაცვის მარაგები როგორ აქვთ წარმოდგენილი, ასევე, როგორ არის განაწილებული საპასუხისმგებლო არეალი თითოეული პერსონალისთვის და როგორ არის სივრცეები გადანაწილებული, რომ არ იყოს ინფექციების კვეთა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში აქვს აღიარებაც.

„გარდა იმისა, რომ გვაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა, ასევე გვაქვს აღიარება, რომ კორონასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა საქართველომ. შეკავების პირველი ფაზა სწორად გავიარეთ. ამიტომ ტვირთი პრეკრიზისულ ფაზაშია მოსალოდნელი სცენარის მიხედვით და არა უფრო მეტი, თუმცა, რა თქმა უნდა, გასავლელია ყველაზე რთული – კრიზისული ფაზა. დარწმუნებული ვარ, ამ ფაზას გავივლით სწორად, ნაკლები დანაკარგით. საბოლოოდ, შემფასებელი იქნება საზოგადოება, რომლის ჯანმრთელობასაც ჩვენ დავიცავთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც დღეს რუსთავში, ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფებოდა.

კლინიკა დღეს ე.წ. ცხელების ცენტრის ფუნქციას ასრულებს. დიმიტრი ხუნდაძე საავადმყოფოს დირექტორს შეხვდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.