დიმიტრი ხუნდაძე - ქვეყნის მართვის ბერკეტებს უპასუხისმგებლო პარტიებს ვერ ჩავაბარებთ, ოკუპანტი ელოდება, რომ საქართველო სუსტი და არასტაბილური იყოს
დიმიტრი ხუნდაძე - ქვეყნის მართვის ბერკეტებს უპასუხისმგებლო პარტიებს ვერ ჩავაბარებთ, ოკუპანტი ელოდება, რომ საქართველო სუსტი და არასტაბილური იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ორპალატიან სისტემას გულისხმობს, როგორც დაანონსა, ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს და ხალხის აზრს მოისმენს.

ხუნდაძის თქმით, არ დაუშვებს, რომ ქვეყნის მართვის ბერკეტები „უპასუხისმგებლო პარტიების ხელში გადავიდეს“.

,,ქვეყნის მართვის ბერკეტებს ვერ ჩავაბარებთ უპასუხისმგებლო პარტიებს. ჩვენ ამას არ ვიზამთ, გავალთ ხალხში და მათ ხმას მოვისმენთ. გუნდის დაზიანებაზე უფრო დიდი პრობლემა ქვეყნის დაზიანებაა. გაეცანით საერთაშორისო გამოცდილებას: იტალია დაუბრუნდა ძველ სისტემას, მოლდოვაში ხუთ-ექვს თვეში ჩამოიშალა მთავრობა, ჩვენ გვაქვს მსგავსი პროცესების ფუფუნება? საქართველო, რომელიც ასეთ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ველზეა, ვერ გაუძლებს რყევებს. ოპოზიციას მხოლოდ სურვილი აქვს დროზე შემოაღოს პარლამენტის კარი, რეალურად პარტიები ზღურბლზევე აირევიან და ვერ შექმნიან ძლიერ მთავრობას. ეს ხომ ჩვენ მტერს უნდა. ოკუპანტი ელის, რომ საქართველო იყოს სუსტი და არასტაბილური. ეს გავაკეთოთ მხოლოდ იმის გამო, რომ პარლამენტში შემოვიდნენ? პოლიტიკოსები, მათი შვილები, დები, ძმები და ასე შემდეგ. პარტიულმა ლიდერებმა კი ფული აკეთონ სიების წერაში. არა, სიას დაწერს ხალხი, რომელიც თითოეულ წარმომადგენელს ამოიცნობს პოლიტიკურ სცენაზე“,-  აღნიშნა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში, რომლის თაობაზე ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.