დიმიტრი ხუნდაძე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მით უმეტეს ნულოვანი ბარიერით, არის მაღალი დემოკრატიის მაჩვენებელი
დიმიტრი ხუნდაძე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მით უმეტეს ნულოვანი ბარიერით, არის მაღალი დემოკრატიის მაჩვენებელი

დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ, დავიწყებთ სამუშაო ჯგუფში პოლიტიკურ წრეებთან კონსულტაციებს და ვფიქრობ, შევჯერდებით საბოლოო ვარიანტზე, რომელი პროპორციული სისტემით უნდა ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს ჰქონდა გადაწყვეტილება, 2020 წელს ჩატარებულიყო მაჟორიტარული სისტემით არჩევნები, ჩვენ გავითვალისწინეთ საზოგადოების, უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის და ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მოთხოვნა, რომ არა 2024, არამედ 2020 წელს გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ. დღეს წარვადგენთ სწორედ ამ თემის პრეზენტაციას. ვფიქრობ, უმჯობესია, ამ პრეზენტაციას დაესწრონ პოლიტიკური ჯგუფები. შემდეგ, რა თქმა უნდა, წარიმართება მუშა პროცესი. მაგრამ ის, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, როგორც ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პროტესტს აცხადებენ დასწრებაზე იმ მოტივით, რომ ეს არის პარტიული ყრილობა. ეს აბსოლუტურად არ არის ასე, რამეთუ ეს პრეზენტაცია არ ეხება მხოლოდ ერთ პარტიას, თუნდაც მმართველ გუნდს. ეს ეხება მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს და ვფიქრობ, მათი არდასწრება არის დესტრუქციული ნაწილი. ვფიქრობ, აქ დესტრუქციის თუნდაც ელემენტები ზედმეტია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მით უმეტეს ნულოვანი ბარიერით, არის მაღალი დემოკრატიის მაჩვენებელი და იმის საშუალება, რომ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება ყოველგვარი ბარიერების გარეშე.

„რა თქმა უნდა შედეგიც იქნება უფრო მეტად ზუსტი ანუ ამომრჩეველთა ხმა მაღალი სიზუსტით გადანაწილდება იმ პარტიებზე და იმ პრინციპით, თუ რა დამსახურება და რა რეიტინგი ექნებათ მათ საზოგადოებაში“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი პრეზენტაცია არ ნიშნავს აღნიშნული პოლიტიკური გადაწყვეტილების დასაწყისს და იქვე დასასრულს.

„ჩვენ ამის შემდეგ დავიწყებთ, როგორც განვაცხადეთ, სამუშაო ჯგუფში პოლიტიკურ წრეებთან კონსულტაციებს და ვფიქრობ, შევჯერდებით საბოლოო ვარიანტზე, თუ რომელი პროპორციული სისტემით უნდა ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები. ვფიქრობ, რადგან მოთხოვნა იყო ამდაგვარი, რომ გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე და პარტიებს ჰქონოდათ უშუალოდ საკუთარი რეიტინგის გაზომვა, სჯობს, უშუალოდ გაზომონ და არა სხვის იმედად. ამიტომ ნულოვანი ბარიერით და ყოველგვარი გაერთიანებების შექმნის გარეშე აბსოლუტური საშუალება ექნებათ, წარდგნენ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.