დიმიტრი ხუნდაძე – პრეზიდენტის გადაწყვეტილება მსჯავრდებულთა შეწყალების წესზე ჰუმანიზმით შეფუთულ წინასაარჩევნო კამპანიას ჰგავს
პრეზიდენტის გადაწყვეტილება მსჯავრდებულთა შეწყალების წესთან დაკავშირებით ჰუმანიზმით შეფუთულ წინასაარჩევნო კამპანიას ჰგავს, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პირველ არხთან გააკეთა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მარგველაშვილი ცდილობს, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის მმართველი გუნდის მიერ დაწყებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებების პროცესი სათავისოდ წინასაარჩევნოდ გამოიყენოს.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ჰუმანიზმი კარგია, მაგრამ ის ზომიერი და სწორად დაანონსებული უნდა იყოს.
“პრეზიდენტის გადაწყვეტილება მსჯავრდებულთა შეწყალების წესთან დაკავშირებით ჩემი აზრით ჰუმანიზმით შეფუთულ წინასაარჩევნო კამპანიას ჰგავს. ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირებს შეწყალებას მივესალმები თუკი ის ნარკოტიკებით მოვაჭრეებს და გამავრცელებლებს არ ეხება. მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილების მყისიერად შეცვლა სამართლიანად არ მიმაჩნია. სამი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ვთქვათ დღეს მიღებული არ შეიძლება გამთენიისას კომისიამ შეცვალოს. ჰუმანიზმი კარგია, მაგრამ ის ზომიერი და სწორად დაანონსებული უნდა იყოს”, – აღნიშნავს ხუნდაძე.