დიმიტრი ხუნდაძე - ოთხი კონგრესმენის წერილში შეინიშნება ობიექტური ინფორმაციის დეფიციტი და ტენდენციურობა
დიმიტრი ხუნდაძე - ოთხი კონგრესმენის წერილში შეინიშნება ობიექტური ინფორმაციის დეფიციტი და ტენდენციურობა

ოთხი კონგრესმენის ავტორობით საკმაოდ კრიტიკულ წერილში შეინიშნება დეფიციტი ობიექტური ინფორმაციის და ჩანს, რომ მათ ეს ინფორმაცია არ აქვთ, ასევე შეინიშნება ტენდენციურობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ​ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილზე კომენტარისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ფეისბუქგვერდზეგანთავსდა.

როგორც ხუნდაძე ამბობს, ეს არის მხოლოდ ოთხი კონგრესმენის პირადი დამოკიდებულება და შეხედულება.

„ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია კონგრესმენი, რომელიც მაჟორიტარული წესით არის არჩეული თვლის, რომ პროპორციული სისტემა უფრო დემოკრატიულია და ამ შემთხვევაში ჩვენ პირიქით, საარჩევნო სისტემა სწორედ ამერიკულს ვთავაზობდით და არც ერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით მას არ გაუკეთებია. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება სწორედაც რომ აზიანებს ურთიერთობებს, თუმცა მე მაიმედებს ის, რომ ეს არის მხოლოდ ოთხი კონგრესმენის პირადი დამოკიდებულება და შეხედულება. ეს არ არის ოფიციალური ამერიკის პოზიცია, რამეთუ ჩვენ მოვისმინეთ ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მკვეთრი განცხადება, რომ დღეს, როგორც არასოდეს, ისეა დაახლოებული საქართველო და ამერიკა.

ჩვენ ვისმენთ ევროსაბჭოს, ევრონესტის პრეზიდენტის განცხადებებს, რომლებიც კრიტიკულები არიან სწორედ ამ კონგრესმენების და ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლის ამდაგვარ ტენდენციურ შეფასებაში და ის პირდაპირ მოუწოდებს მას, რომ არ გახადონ საქართველო პოლიტიკური ბრძოლის ველად, სადაც ისინი მხოლოდ საკუთარი პირადი ქულების დაწერას შეეცდებიან და ეს იქნება მხოლოდ ამაზე გათვლილი. ამიტომ ვფიქრობ, ყველა უნდა ეცადოს ობიექტურობის მაღალ ხარისხს და მაშინ იქნება შესაძლებელი, რომ რეალურად შეფასდეს სიტუაცია“,- განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, კონგრესმენების წერილი არის სუბიექტური ბევრი მიმართულებით.

„ვხედავ სუბიექტურობას ძალიან ბევრი მიმართულებით. მაგალითად ის, რომ 20-21 ღამის მოვლენებს თითქოსდა კონტექსტი აქვს იმდაგვარი, თითქოს მშვიდობიანი მომიტინგეები იყვნენ დარბეულები, არადა დარწმუნებული ვარ, ასეთ ძალადობაზე პოლიციის კორდონის მიმართ, რაც მომიტინგეების ერთმა მცირე ჯგუფმა განახორციელა, ამერიკაში ბევრად მკაცრი რეაქცია ექნებოდა პოლიციას, ვიდრე ეს იყო საქართველოში. ვფიქრობ, სწორედაც ამერიკაში, მაღალი დემოკრატიის ქვეყანაში დაუშვებელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყოს ქუჩიდან მართული და იქნას მომიტინგეების ამა თუ იმ შინაარსით ბლოკირებული და შტურმირებული. ვფიქრობ, ეს იყო ადეკვატური რეაქცია და ამას სჭირდება მეტი ინფორმაცია და მეტი ობიექტურობა.

ღრმად ვარ დარწმუნებული და ამის იმედს ვიტოვებ, რომ ობიექტური ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, შესაძლოა, რომ შეცვალონ კიდეც, ამის იგნორი არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევძლოთ სწორი ინფორმაციის მიწოდება. მე ვფიქრობ, აქ ალბათ მეტი ჩართულობაა საჭირო, მეტი მუშაობაა საჭირო და აქ კატასტროფა არაფერია, მით უმეტეს, რომ ოფიციალური წარმომადგენლები და ქვეყნის დამოკიდებულება არის აბსოლუტურად განსხვავებული. ეს ცდომილება გამოსასწორებელია და უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაში“, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.