დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციონერებს სოციალური თემატიკა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა ახსენდებოდეთ, არსებობს გეგმა და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთონ
დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციონერებს სოციალური თემატიკა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა ახსენდებოდეთ, არსებობს გეგმა და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთონ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ სოციალურ თემატიკაზე მსჯელობას სჭირდება საპარლამენტო მუშაობა და არა მხოლოდ მაშინ აჟიტირება, როცა პოლიტიკური სარგებლის ძიება იწყება.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში დიმიტრი ხუნდაძე „ლელოს“ ინიციატივას გამოეხმაურა. დეპუტატის განმარტებით, ჯანდაცვის კომიტეტს სოციალური მიმართულებით საპარლამენტო კონტროლის განხორციელების კონკრეტული გეგმა აქვს.

„ქვეყანაში არიან სოციალურად დაუცველები და დევნილები, ეს პრობლემა დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ეს არის აქტუალური საკითხი, რასაც სჭირდება ყოველდღიური მუშაობა და ამისთვის მხოლოდ რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ ხდება. პარლამენტში მინისტრის სტუმრობის არაერთი ფორმატია, თუმცა მახსოვს, როცა ეკატერინე ტიკარაძე იყო პარლამენტში, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იმყოფებოდა, ვინც იყო, ისიც კითხვას არ სვამდა. რაც შეეხება საზედამხედველო საქმიანობას, ჯანდაცვის კომიტეტს აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. თემატიკას არ სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის და აურზაურისთვის გამოყენება და ეს მხოლოდ ამ დროს არ უნდა ახსენდებოდეთ ოპოზიციონერებს. გეგმა არსებობს და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთონ. სოციალური თემატიკის მიხედვით არიან მომხსენებლები პარლამენტში. საკითხებზე მსჯელობა ხდება არა მხოლოდ მინისტრის მოწვევით, არამედ საკომიტეტო ზედამხედველობით. ამ საკითხებს სჭირდება საპარლამენტო მუშაობა და არა მხოლოდ მაშინ აჟირიტირება, როცა პოლიტიკური სარგებლის ძიება იწყება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა: „მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები „ქართულ ოცნებასთან“ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, თუ „ქართული ოცნების“ სურვილი იქნება, რომ მოვისმინოთ, რატომ შეიქმნა ასეთი უმძიმესი კრიზისი“.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სხდომაზე განხილული იყოს, რა ხდება სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით, რა ხდება ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ და ოპოზიცია მზად არის ამისთვის.

დატოვე კომენტარი