დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის შეფარული სურვილია, არჩევნები ჩაიშალოს, ეს შეფარული სურვილი წამოსცდებათ ხოლმე
დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის შეფარული სურვილია, არჩევნები ჩაიშალოს, ეს შეფარული სურვილი წამოსცდებათ ხოლმე

ოპოზიციის შეფარული სურვილია, არჩევნები ჩაიშალოს, მხოლოდ, ეს შეფარული სურვილი წამოსცდებათ ხოლმე და ღიად აჟღერებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მათი სურვილია, ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში გადავიდეს, რომ მეტი იყოს სიმძიმე, როგორც ქვეყანაზე, ასევე ეკონომიკაზე, ოჯახებზე და თითოეულ მოქალაქეზე, რათა მეტი უკმაყოფილება იყოს და მერე ხელი ხელისუფლებისკენ გაიშვირონ. ეს მათ ხელს აძლევს, რადგან არჩევნები მოდის. მათ „კოვიდ-19“- თან ბრძოლის გზაზე პოზიტიური შედეგიც კი ნეგატიურად აქვთ წარმოდგენილი, რადგან ხედავთ, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების რეიტინგი სრულიად დამსახურებულად არის აწეული. ოპოზიცია ამას, როგორც საარჩევნო შედეგს, საფრთხის შემცველად უყურებს“, – განაცხადა ხუნდაძემ. 

მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნების ჩატარება არ სურს, რადგან მათ თავიანთი სავარაუდო საარჩევნო შედეგი იციან.

„მათ იციან, რომ ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელი იქნება. ამიტომ, ცდილობენ, არჩევნები გადაიდოს და შემდეგ ამას მოაყოლონ აურზაური, თითქოს, ხელისუფლების ბრალი იყო, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება ვერ დასტაბილურდა, პოლიტიკური პროცესი გამწვავდა და ხელისუფლებამ არჩევნები ვერ ჩაატარა. აი, ეს არის მათი ზრახვა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება, არჩევნებს საფრთხე შეექმნას და ვერ ჩატარდეს, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ რისკები არსებობს, მაგრამ მათი მინიმალიზება შეიძლება ისე, რომ არჩევნები არ დაზიანდეს.

„სწორედ ამიტომ არის საჭირო, მცირე რეგულაციებით, რაც დღეს მივიღეთ, პოზიტიური ეპიდვითარება შევინარჩუნოთ, არ გაგვირთულდეს და შემოდგომაზე, როცა მით უმეტეს, არჩევნები იქნება, ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე არჩევნების ხელის შეშლა არ მოხდეს. აი, ეს არის სწორი სტრატეგია და ფრთხილი სვლა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.