დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას - თქვენ გინდათ საგანგებო მდგომარეობა, რომ საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს, გეშინიათ საარჩევნოდ გალაწუნების, თუმცა ეს გალაწუნება საზოგადოებისგან მაინც მოგიწევთ
დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას - თქვენ გინდათ საგანგებო მდგომარეობა, რომ საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს, გეშინიათ საარჩევნოდ გალაწუნების, თუმცა ეს გალაწუნება საზოგადოებისგან მაინც მოგიწევთ

მესმის, რატომ გინდათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, გინდათ, რომ საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს, რადგან გეშინიათ საარჩევნოდ გალაწუნების, ეს გალაწუნება მაინც მოგიწევთ, რადგან არჩევნები ჩატარდება ძალიან მალე და ეს სილა იქნება საზოგადოების, საბოლოო პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი თქვენთვის, – ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ქვეყანა არის პანდემიის რეჟიმში, მსოფლიო ცხოვრობს განსხვავებულად და ამიტომ საჭიროა განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული გადაწყვეტილებები, უფრო მეტი გონივრულობა და ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა, როცა საქმე ეხება საზოგადოების ჯანმრთელობას და ქვეყნის ინტერესს.

„ვფიქრობ, ის არჩევანი, რაც სხვადასხვა ფორმულებით იქნა მოცემული სამი არჩევანიდან ერთ-ერთი უნდა გავაკეთოთ. ნამდვილად სხვა არჩევანია არც გვაქვს, რადგან შემოთავაზება, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ ,ანუ საგანგებო მდგომარეობა გავაგრძელოთ, ამით კრძალავენ იმას, რასაც თვითონ ითხოვენ. საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ და ამ დროს ხაფანგს აგებენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილება გაებმება ხაფანგში და ვერ გავაგრძელებთ ცვლილებებს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რაც არ უნდა მცირე ლოკაცია იყოს, შეაფერხებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რითიც დავიწყეთ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვენ გვინდა, რომ თუნდაც ამ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა მოვხსნათ იმის გამო, რომ ეს შეზღუდვები არ იყოს იმდაგვარი მძიმე, როგორიც იყო აქამდე. თუმცა ამ სიმძიმემ მოიტანა ის შედეგი, რომელიც გვაქვს. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით​ ეპიდემიოლგიურად სასიკეთოდ გამოვიყურებით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს არის შუალედური პოზიტიური შედეგი. თუ ჩვენ შეზღუდვები არ დავაწესეთ, რომელიც არის აუცილებელი, რომელიც ამ კრიზისულ ვითარებას სწორად მართავს და მთავრობას მიცემს ამის საშუალებას, შესაძლოა, ეს სასურველი შედეგი ვაქციოთ ძალიან მძიმე შედეგად. ვირუსის ხასიათი, პანდემიის ხასიათი უკვე ჩანს. ქვეყნებმა, რომებლმაც არაადეკვატურად შეაფასეს წინააღმდეგობა, იქ სადაც რეგულაციები დაგვიანდა, ან საერთოდ არ შემოიღეს, დადგა ძალიან მძიმე შედეგი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, პანდემია არ დასრულებულა, ამას ამბობენ მსოფლიო მნიშვნელობის ეპიდემიოლოგები და ასევე ადგილობრივი ეპიდემიოლოგები, რომელთა როლი პოზიტიურ შედეგთან დაკავშირებით ძალიან დიდია.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება გარკვევით და გასაგებად, რომ ერთბაშად არ იქნას მოხსნილი ეს რეგულაციები, თორემ ეს არის სახიფათო. თქვენ ბევრი რეგულაციები ახსენეთ, მაგრამ არავის გიხსენებიათ ის მთავარი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ შეინარჩუნეთ რეგულაციები, ის რაც არის სავალდებულო. მესმის, რთულია შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ უფრო რთულია ცხოვრება, როცა პაციენტები შეერთებული არიან სასუნთქ აპარატთან, როცა ექიმები აკეთებენ მძიმე არჩევანს ვიღაცას უმკურნალო და ვიღაცას არა, რადგან არ არის მისთვის ადგილი. ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ აქ, პარლამენტში. სწორედ ეს არის პარლამენტის როლი, რომ სწორი პოლიტიკა განსაზღვროს, დააზღვიოს მოსახლეობის ჯანმრთელობა, დააზღვიოს ქვეყნის ინტერესები და მისი უსაფრთხოება. ის, რომ ეს პარლამენტის გასაკეთებელია, აქ ხდება ამ კანონის მიღება. ჩვენ ვაძლევთ მთავრობას უფლებას, გონივრულად მართოს პროცესი. როგორც აქამდე შეძლო და იმედია, ამის მერეც შეძლებს. ეს არსის ის შემთხვევა, რომ ამ დროს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისგან უნდა გათავისუფლდეთ. მესმის რატომ გინდათ საგანგებო მდგომარეობა და ამ სამი ალტერნატიული ვარიანტიდან ირჩევთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. თქვენ გინდათ, რომ მოსახლეობა უფრო მძიმე რეგულაციების ქვეშ იყოს, გინდათ, რომ საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს, მეორე გინდათ, ჩვენ დაგვაბრალოთ, რადგან გეშინიათ საარჩევნოდ გალაწუნების, გინდათ, რომ გაიწელოთ ეს დრო და დააბრალოთ სხვას. ეს გალაწუნება მაინც მოგიწევთ, რადგან არჩევნები ჩატარდება ძალიან მალე და ეს სილა იქნება საზოგადოების, საბოლოო პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი თქვენთვის. მთავარია, დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა.კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დაუჭიროთ მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს“, – განაცხადა დიმირტი ხუნდაძემ.

დატოვე კომენტარი