დიმიტრი ხუნდაძე - ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ მაჟორიტარების პრინციპული პოზიცია და ჩვენ მიერ დანახული რისკები რეალური და გასათვალისწინებელია
დიმიტრი ხუნდაძე - ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ მაჟორიტარების პრინციპული პოზიცია და ჩვენ მიერ დანახული რისკები რეალური და გასათვალისწინებელია

ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ მაჟორიტარების პრინციპული პოზიცია და ჩვენს მიერ დანახული რისკები რეალური და გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ეუთო/ოდირის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის შეფასებისას აღნიშნა.

„საარჩევნო სისტემა უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას. ოპოზიციას სურს, მოიპოვოს ყველას თანხმობა, გარდა საკუთარი საზოგადოებისა და პარლამენტის უმრავლესობისა, რომელმაც, მათი აზრით, ქვეყნის არასტაბილურობას უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან ძალიან სურთ პარლამენტის სავარძლების იოლი გზით მოპოვება, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს.

ამ დასკვნით მიიღეს ის, რასაც არ იჯერებდნენ ჩვენგან, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ამას წყვეტს საზოგადოების ლეგიტიმაციით აღჭურვილი პარლამენტის უმრავლესობა და მიზანი უნდა იყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაზეც საერთო, სავალდებულო შეთანხმება უნდა შედგეს. ეს წერილი, როგორც არ უნდა წაიკითხო და როგორც არ უნდა შეატრიალო, სათქმელი უკვე ნათქვამია. ოპოზიცია თუ თავს კიდევ ერთხელ არ ჩაიგდებს უხერხულობაში, მიატოვებს ქუჩის აურზაურს და მოემზადება არჩევნებისთვის, მისთვის და ქვეყნის იმიჯისთვისაც უკეთესი იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული,საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო სისტემის არჩევისას არის ორი განსხვავებული ინტერესის ბალანსი: წარმომადგენლობითობის პრინციპის პატივისცემა (რომელიც დაცულია პროპორციულობის პრინციპით); ან უმრავლესობების შექმნის ხელშეწყობა, რაც მთავარ პოლიტიკურ კოალიციას მართვის საშუალებას აძლევს.