დიმიტრი ხუნდაძე - ნარკოტიკების გამსაღებლებთან და რეალიზაციის ხელშემწყობ პირებთან იქნება ძალიან მკაცრი დამოკიდებულება
დიმიტრი ხუნდაძე - ნარკოტიკების გამსაღებლებთან და რეალიზაციის ხელშემწყობ პირებთან იქნება ძალიან მკაცრი დამოკიდებულება

ნარკოტიკების გამსაღებლებთან და რეალიზაციის ხელშემწყობ პირებთან იქნება ძალიან მკაცრი დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის სწორად წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოგამსაღებლებთან ბრძოლა, მათ შორის სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. ნარკოტიკების გამსაღებლებთან და მისი რეალიზაციის ხელშემწყობ პირებთან იქნება ძალიან მკაცრი დამოკიდებულება. სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა დავიწყეთ ჯერ კიდევ 2013 წლიდან, როცა პარლამენტმა შემოიტანა სარეცეპტო რეფორმა, ეს რეფორმა განხორციელდა, მაგრამ ამ გზაზე სამართალდარღვევის არაერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, იყო რეაგირება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი ბრალდებულია სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე.

„დღეს სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე. პასუხისმგებელი პირები არიან ეჭვმიტანილი სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობაში. მჯერა, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და თუ დადასტურდა, რომ პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ხელს უნდა უწყობდნენ ამ სექტორის გაჯანსაღებას და არა სააფთიაქო ნარკომანიის ჩამოყალიბებას, აქ იქნება მკაცრი დამოკიდებულება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და მასთან ერთად კიდევ ხუთი პირი დააკავა.