დიმიტრი ხუნდაძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცაზე კანონპროექტის ნაჩქარევად მიღება აბსოლუტურად გაუმართლებელია
დიმიტრი ხუნდაძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცაზე კანონპროექტის ნაჩქარევად მიღება აბსოლუტურად გაუმართლებელია

ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებული კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება და კრიმინალი გაიზრდება, – ეს განცხადება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

მისი თქმით, კანონპროექტი ფართო განხილვისა და მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

„ამ მასშტაბის კანონპროექტის ამ ფორმით და ასე ნაჩქარევად მიღება აბსოლუტურად გაუმართლებელია. ეს კანონპროექტი უმრავლესობაში შეთანხმებული უნდა იყოს. ასევე ჩვენ პასუხისმგებელი უწყებების პოზიცია უნდა ვიცოდეთ. მხოლოდ ერთ საკითხზე ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ნარკოტიკების მოხმარება არ გავრცელდეს.

საჭიროა, შესაბამისი საჯარიმო სახდელების ადეკვატური კოდექსის მიღება, რომელიც კონკრეტულ მიზანს მიაღწევს. ასევე ადეკვატური და დაზუსტებული უნდა იყოს დოზირება. ამასთან, ნარკოტიკების მომხმარებლებს ალტერნატიული ჯანდაცვითი სერვისები უნდა მივაწოდოთ და ვუმკურნალოთ. ასევე სამართლებრივი რეგულაციები კანონში იმდაგვარი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება შემცირდეს და არა გაიზარდოს. ამ ფორმით ამ კანონპროექტის ასე ნაჩქარევად მიღება მიუღებელია.

თუ ჩვენ ამ ძირითად პრობლემურ საკითხებზე შევთანხმდებით და უმრავლესობაში ინტენსიური კონსულტაცია მიმდინარეობს, მაშინ ეს კანონპროექტი შემდგომი განხილვის საგანი გახდება, მაგრამ თუ შეთანხმება ამ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით არ მოხდა და რისკები გათვალისწინებული არ იქნა, მაშინ ამ კანონპროექტის პერსპექტივა მე ნაკლებად წარმომიდგენია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა, თუმცა მასზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო და ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით გასული წლის 27 დეკემბერს მიიღო.

აღნიშნულ საკითხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში შეეხო, გუშინ კი, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და პარლამენტს მოუწოდა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა შეაჩეროს და საკითხზე მსჯელობა გაიმართოს ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.