დიმიტრი ხუნდაძე - ნარკოპოლიტიკა უნდა მივიღოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმისთვის, რომ ვიღაცას გული მოვფხანოთ
დიმიტრი ხუნდაძე - ნარკოპოლიტიკა უნდა მივიღოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმისთვის, რომ ვიღაცას გული მოვფხანოთ

საქართველოში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ ახალი სამართლებრივი რეგულაციების მთავარი მიზანი უნდა იყოს ნარკომომხმარებელთა რიცხვის შემცირება და არა გაზრდა, ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„არაერთხელ განმიცხადებია, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ნარკოტიკების პოპულარიზაციის გზით.  მთავარი მიზანია მივიღოთ ისეთი სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის შემცირებას და არა გაზრდას. ნარკოპოლიტიკა უნდა მივიღოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმისთვის, რომ ვიღაცას გული მოვფხანოთ“,-განაცხადა მან.

ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა გათვალისწინებული აქციის მონაწილეთა ინტერესი, დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა, რომ ახალგაზრდების ინტერესებთან ერთად ქვეყნის ინტერესებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული.

„ იმისთვის რომ მთავარი მიზანი, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შეცვლა მოხდეს და ის არ იყოს რეპრესიული, ბრძოლა გამოვუცხადოთ ნარკოტიკების გამსაღებლებს და შევამციროთ მომხმარებელთა რიცხვი, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები არ არის საკმარისი, აუცილებელია, საზოგადოება, პოლიტიკოსები და მედია იყოს ერთიანი, რათა ერთად ვაწარმოოთ მძლავრი, ანტინარკოტიკული პროპაგანდა და არა ის, რაც ბოლო დროს ხდება, როცა გარკვეულწილად პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ნარკოტიკების აქტიური პოპულარიზაცია მიმდინარეობს”,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ კანონპროექტის მიღების პროცესზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„პროცესი არ გაჩერებულა, პირიქით, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. მე ვიტყოდი, ზედმეტად აქტიურადაც.  პორტუგალიაში ამგვარ კანონპროექტზე მუშაობა ორი წელი მიმდინარეობდა. ქვეყანამ დაიწყო არა აქციებით, არამედ მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდით”,-განაცხადა მან.