დიმიტრი ხუნდაძე - ნამდვილად არ არის ისე, რომ მთავრობა ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო პარლამენტის როლი ჩრდილში გადადის
დიმიტრი ხუნდაძე - ნამდვილად არ არის ისე, რომ მთავრობა ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო პარლამენტის როლი ჩრდილში გადადის

ნამდვილად არ არის ასე, რომ მთავრობა ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო პარლამენტის როლი ჩრდილში გადადის და პროცესს ეთიშება, – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ამ პროცესში პარლამენტის როლი აქტიურია. პარლამენტის გადაწყვეტილება იყო თუნდაც, საგანგებო მდგომარეობის შემოღების დროს; პარლამენტის გადაწყვეტილება იყო ჯანდაცვის კანონის 15 ივლისამდე ამოქმედება და დღესაც, ვადა რომ გახანგრძლივდა, ესეც პარლამენტის გადაწყვეტილებით ხდება და არა სხვანაირად“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამ განცხადებით დიმიტრი ხუნდაძემ ოპონენტთა კრიტიკას უპასუხა, თითქოს, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის გადავადებით მთავრობა ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გარკვეული შეზღუდვები 2021 წლის პირველ იანვრამდე დააწესოს, პარლამენტის როლი კი კნინდება.

მისი თქმით, ვადის პირველ იანვრამდე გახანგრძლივება ეპიდემიის მეორე სავარაუდო ტალღას უკავშირდება.

„როცა ეპიდემიოლოგები მეორე ტალღას და შემოდგომიდან მდგომარეობის გაუარესებას ვარაუდობენ, ეს პროცესი ალბათ, ახალი წლის მერეც გაგრძელდება. თუ ვადის გაგრძელება კიდევ ერთხელ გახდა საჭირო, ჩვენ დავუტოვეთ უფლება, რომ შემდეგმა პარლამენტმაც მიიღოს თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში გადაწყვეტილება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.