დიმიტრი ხუნდაძე - მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დონორები აფინანსებენ, ეს მიზნობრივი ხარჯებია და პენსიებისთვის გამოყენება შეუძლებელია
დიმიტრი ხუნდაძე - მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დონორები აფინანსებენ, ეს მიზნობრივი ხარჯებია და პენსიებისთვის გამოყენება შეუძლებელია

შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან ბევრია, მაგრამ ამის დანახვას სურვილი სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. უგულავამ დღეს შეუსრულებელ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ხუნდაძის თქმით, ამ მხრივ ხარვეზებიც არსებობს და აღნიშნულ საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ახლო მომავალში პარლამენტში ისაუბრებს.

„შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები არის ძალიან მრავლად. ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც, მაგრამ სურვილი სჭირდება, რომ დაინახო. იმაზე მეტი კეთდება, ვიდრე აქამდე ყოფილა, რამდენჯერმე მეტიც. აღნიშნულ დარგში ხარვეზებიც არის. მინისტრი უახლოეს დღეებში ეწვევა პარლამენტს და ამასთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცემს პასუხს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, დეპუტატი პოპულისტურს უწოდებს გიგი უგულავას განცხადებას, რომ ინფრასტრუქტრული პროექტებისთვის გათვალისწინებული გაუხარჯავი თანხა პენსიების 20 ლარით გასაზრდელად საკმარისი იყო.

„განცხადება, რომ თურმე პროექტებისთვის განკუთვნილი თანხა შეიძლება გამოიყენო პენსიებისთვის, უზნეო პოპულიზმის კლასიკური მაგალითია. იცით, რომ  ასეთ პროექტებს საერთაშორისო დონორები აფინანსებენ. ეს არის მიზნობრივი ხარჯები და მისი პენსიებისთვის გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია“, – განაცხადა ხუნდაძემ.