დიმიტრი ხუნდაძე - მოქალაქეებში კითხვა თავად სალომე ზურაბიშვილმა გააჩინა და კიდევ უფრო გაამყარა თავისი გაურკვეველი პოზიციით
დიმიტრი ხუნდაძე - მოქალაქეებში კითხვა თავად სალომე ზურაბიშვილმა გააჩინა და კიდევ უფრო გაამყარა თავისი გაურკვეველი პოზიციით

სალომე ზურაბიშვილი უნდა დაფიქრდეს, ანგარიში გაუწიოს სამართალს, საზოგადოების განწყობას, ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ მომავალს და მკვეთრად დააფიქსიროს, რა პოზიციაზეა პრეზიდენტი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებისადმი სალომე ზურაბიშვილის მიმართვის ტექსტი შეცდომა იყო.

„სალომე ზურაბიშვილის მიმართვა უდიდესი შეცდომა იყო, რომელმაც ხალხს მივარდნილები უწოდა. მოქალაქეებში კითხვა თავად სალომე ზურაბიშვილმა გააჩინა და ეს კითხვები კიდევ უფრო გაამყარა თავისი გაურკვეველი პოზიციით, როცა თქვა, რომ პასუხი მაშინ იქნება, როცა იქნება. ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მისი პოზიცია ნათელი ყოფილიყო. თავდაპირველად, პრეზიდენტმა მკვეთრად განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებდა. ამიტომ ეს კითხვები კიდევ უფრო გაიზარდა. იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი არ აჰყვება სააკაშვილის სიმულაციის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს შეწყალებას. სხვათა შორის, სააკაშვილს შეწყალების იმედი მისი გაურკვეველი პასუხის შემდეგ გაუჩნდა. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი უნდა დაფიქრდეს და ანგარიში გაუწიოს სამართალს, საზოგადოების განწყობას, ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ მომავალს და მკვეთრად დააფიქსიროს, რა პოზიციაზეა პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი კრიმინალი და მისი მსხვერპლი საზოგადოების დიდი ნაწილი გახდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.