დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთას სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები
დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთას სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის მოსახლეობას, ექსპერტებს, ბიზნესსექტორსა და დაინტერესებულ პირებს მცხეთის განვითარების ახალი ხედვა და სტრატეგია წარუდგინა.

კონფერენცია „მცხეთა, მემკვიდრეობისა და ტურიზმის ინტეგრირებული მართვა“ მცხეთაში გაიმართა და მასში მონაწილეობა კომპანია „აქოლისმაც“ მიიღო, რომელმაც მცხეთის გენგეგმის შემუშავების ტენდერში გაიმარჯვა და რომელმაც დოკუმენტზე მუშაობა წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ღონისძიებებზე იმ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დღეს ქალაქში არსებობს. მან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას იმ წინადადებებისა და რეკომენდაციების დოკუმენტში ასახვა სთხოვა, რომელიც ექსპერტებისა და ადგილობრივი ხელისუფლების  მხრიდან არსებობს.

„დიდი ხანია, ვსაუბრობთ, თუმცა, კონკრეტული დოკუმენტი არ დევს. არ შეიძლება, ამდენი ხანი მორატორიუმის რეჟიმში ვაცხოვროთ ქალაქი და გავაჩეროთ. იუნესკო-სთან შევჯერდით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მცხეთას სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, უნდა გვქონდეს სტრატეგია და გენერალური გეგმა. სწრაფად უნდა დავდოთ დოკუმენტი და შევამსუბქოთ მორატორიუმი. არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ისტორიული შეცდომა იქნება. არ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება, წარსულს ვცეთ პატივი, თუმცა, უცილებლად უნდა შევქმნათ მომავალი“, – აღნიშნა დეპუტატმა და კონკრეტულ ხედვაზე ისაუბრა.

დიმიტრი ხუნდაძემ ტურისტულ მარშრუტებზეც გაამახვილა ყურადღება და კონკრეტული ლოკაციებიც წარადგინა. კერძოდ, დეპუტატის შეფასებით, მცხეთაში ოთხი ძირითადი ტურისტული მიმართლების განვითარების შესაძლებლობა არსებობს: სამხრეთის – ფარნავაზის მოედანი-ბაგინეთი-კარსანი; ჩრდილოეთის მიმართულება – ბებრისციხე-თეატრონი-წიწამური; აღმოსავლეთის მიმართულება – პილიგრიმთა გზა: სვეტიცხოველი-სანათლავი – მცხეთის ჯვარი; დასავლეთის მიმართულება – კოდმანიშიო-მღვიმე.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მცხეთის განვითარების ახალი ხედვის გათვალისწინების შემთხვევაში, გაიზრდება ინტერესი და ვიზიტორთა რაოდენობა.

„თავიდან იქნება აცილებული ,,ტურისტული გადახურება“; ვიზიტორთათვის გაიშლება სანახაობრივი არეალი;  გაიზრდება ინტერესი და ვიზიტორთა შემოდინება;  გაიზრდება ვიზიტორთა ადგილზე გაჩერების ხანგძლიობა;  შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები;  გაიზრდება ფინანსური რესურსების მოზიდვის მექანიზმები;  მოსახლეობას პრაქტიკულად ყველა უბანში მიეცემა ბიზნესის კეთების საშუალება, სარგებელი გადანაწილდება თანაბრად;  მნიშვნელოვნად გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები“ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატმა არსებულ მორატორიუმთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა და რამდენიმე საჭირო აქტივობები დაასახელა.

მისი თქმით, პროცესში უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა;  ექსპერტებთან ერთად თემატურად უნდა მოხდეს სხვადასხვა პრობლემების ზუსტი იდენტიფიცირება და კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღება (პირველ რიგში მიწათსარგებლობის თემა- სეგმენტაცია);  ტურისტული მარშრუტების განშლის გეგმა უნდა ფიგურირებდეს გენერალური გეგმის კონცეპტურალურ ნაწილში და სამოქმედო გეგმებში; აქტიურად უნდა წარიმართოს განაშენიანების რეგულირების გეგმების ფორმირება, რათა დროულად მოხდეს მორატორიუმის დაძლევა; ამასთან, თითოეული შეთანხმებული ეტაპი უნდა გადაიგზავნოს იუნესკო-სში და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეფასებისთვის, რათა მოხდეს წარდგენილ ვადებში დოკუმენტის კანონმდებლობის შესაბამისად განხილვა-დამტკიცება.