დიმიტრი ხუნდაძე - მავნე ძალა, რომელიც ტირანიისკენ მიათრევდა ქვეყანას, ხოლო ოპოზიციად ქცეული, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, დღეს ჩვენ გვდებს ბრალს
დიმიტრი ხუნდაძე - მავნე ძალა, რომელიც ტირანიისკენ მიათრევდა ქვეყანას, ხოლო ოპოზიციად ქცეული, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, დღეს ჩვენ გვდებს ბრალს

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე არ იქნა გაზიარებული ჩვენი მოსაზრება, ჩემს გუნდთან განვაცხადე, რომ ვიტოვებდი უფლებას, საჯარო გამეხადა ჩვენი არგუმენტაცია, ის, თუ რატომ არ ვემხრობი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონტიტუციო ცვლილებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„დღევანდელობის პარადოქსი ის არის, რომ მავნე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას, ტირანიისკენ მიათრევდა ქვეყანას, ხოლო ოპოზიციად ქცეული, სულ ახლახან, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, დღეს ჩვენ გვდებს ბრალს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის გამრუდებაში, ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობასა და პრორუსულ ორიენტაციაში“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, ეს არის შავ-თეთრი რეალობა და ეს იმიტომ ხდება, რომ 2012 წელს ,,ქართულმა ოცნებამ“ მიიღო უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება, პოლიტიკური თანაარსებობა გაეგრძელებინა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიეროვნულ, საშიშ და მავნებელ ძალასთან.

„ეს იცით, რატომ ხდება? ამ გადასახედიდან, შეგვიძლია, ცალსახად დავასკვნათ: ეს იმიტომ ხდება, რომ 2012 წელს ,,ქართულმა ოცნებამ“, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის მოლოდინების, კანონიერი და სამართლიანი მოთხოვნების საპირისპიროდ, მიიღო, ჩვენი შეფასებით, უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება, პოლიტიკური თანაარსებობა გაეგრძელებინა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიეროვნულ, საშიშ და მავნებელ ძალასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, ეს იყო მძიმე შეცდომა, რამაც საგრძნობლად შეასუსტა და დაამუხრუჭა ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული, სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესი.

„უკანასკნელ წლებში ხელისუფლების რესურსი, ძალა და ენერგია დიდწილად იხარჯებოდა არა სახელმწიფოს გაძლიერებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მუდმივად ორგანიზებული ხელოვნური პოლიტიკური კრიზისების, დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების განეიტრალებაზე. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ მათ მიერ ჩაფიქრებული სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების უმწვავესი ფაზა, პარლამენტში ძალადობრივად შეჭრისა და ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების მცდელობა და სხვა მრავალი ქმედება, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.