დიმიტრი ხუნდაძე - მაიკლ გალერის მოწოდება მნიშვნელოვანია, მაგრამ ოპოზიციისთვის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საზოგადოების მოწოდებას უნდა ჰქონდეს
დიმიტრი ხუნდაძე - მაიკლ გალერის მოწოდება მნიშვნელოვანია, მაგრამ ოპოზიციისთვის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საზოგადოების მოწოდებას უნდა ჰქონდეს

ეს მოწოდება მნიშვნელოვანია, მაგრამ ოპოზიციისთვის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საზოგადოების მოწოდებას, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას ოპოზიციისთვის პარლამენტში შესვლის მოწოდების საკითხზე.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საზოგადოების იმ ნაწილის მოწოდებას, რომელიც მათ ამომრჩეველს წარმოადგენს.

„თქვენ ნახეთ „ენდიაის“ კვლევაშიც საზოგადოება თავისი დაკვეთის შესრულებას ითხოვს. ითხოვს, პარლამენტში პოლიტიკური სპექტრი იმ შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი, რა მხარდაჭერაც მათ საზოგადოებისგან ჰქონდათ. პარლამენტში შესვლა უალტერნატივო გადაწყვეტილებაა მათი მხრიდან. ეს იმ ვალდებულების შესრულებაა, რაც მათ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე აქვთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

„ევროპული სახალხო პარტიის“ საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი მოუწოდებს ოპოზიციას, „პარლამენტში ადგილები დაიკავონ“.

„თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია“, – განაცხადა მაიკლ გალერმა.