დიმიტრი ხუნდაძე - კორონავირუსთან დაკავშირებით შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს, რასაც საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს
დიმიტრი ხუნდაძე - კორონავირუსთან დაკავშირებით შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს, რასაც საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შესაძლოა, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდეს და ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს.

როგორც ჟურნალისტებს ხუნდაძემ განუცხადა, საქართველოში ვითარება კონტროლირებადია, რადგან მხოლოდ 25 დადასტურებული შემთხვევა არსებობს, რაც კარგია.

თუმცა, მისივე თქმით, ეს სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა.

„ჩინეთის შიგნით მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესებულია. ბოლო დღეებში მხოლოდ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა ჩინეთს გარეთ ეპიდვითარება, სამწუხაროდ, გაუარესებულია. მატულობს, როგორც დაინფიცირების ფაქტები, ასევე ლეტალობის მზარდი მაჩვენებელი. საქართველოში ვითარება კონტროლირებადია. საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურად იკრიბება, ერთიან კონტექსტში ხდება შესაძლო სცენარების განხილვა. შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს და ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს. ასევე, საზოგადოებას ვთხოვ, მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იყოს შესაბამისი. ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ საკარანტინო ზონის კონტროლის მიუხედავად, მოქალაქეების მხრიდან თვითიზოლაციის პირობების დარღვევები შეინიშნება, როცა ისინი გარეთ გამოდიან. შესაძლოა, მეტი კონტაქტი მეტი ზიანის მომტანი იყოს.
რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, ის სრულად შესაბამისია არსებულ ვითარებასთან. ყველა შესაძლო სცენარი გათვლილია. ამას გარდა, საჭიროა ფინანსური რესურსიც, რაც ამ ეტაპისთვის საკმარისზე მეტიც არის, მაგრამ გამოწვევა, როგორ მსოფლიოს, ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშე საკმაოდ სერიოზულია“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.