დიმიტრი ხუნდაძე - ერთეული კონგრესმენების განცხადება, რომ ქვეყანა ასე მოუმზადებლად უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, უხერხული და გასაკვირია
დიმიტრი ხუნდაძე - ერთეული კონგრესმენების განცხადება, რომ ქვეყანა ასე მოუმზადებლად უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, უხერხული და გასაკვირია

კონგრესმენების განცხადება, ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მით უმეტეს ახლა, ასე მოუმზადებლად, ცოტა უხერხულია და, ცოტა არ იყოს, გასაკვირიც, – ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია მნიშვნელოვანია.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი უმთავრესი და უცვლელი პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოფიციალური ამერიკის საელჩოს განცხადება და წერილი, სადაც დაბალანსებულია იმ მდგომარეობის აღწერა და რეკომენდაციები, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საარჩევნო პროცესების სწორად მართვა. ქვეყანამ რეფორმები უნდა გააგრძელოს. ჩვენ ამაში ღია ვართ, მათთან თანამშრომლობისთვის და უშუალო ურთიერთობისთვისაც, მაგრამ ერთეული კონგრესმენების განცხადება, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მით უმეტეს ახლა, ასე მოუმზადებლად, ცოტა უხერხულია და ცოტა არ იყოს გასაკვირიც. კონგრესმენი გვთავაზობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მაშინ, როდესაც ამერიკაში სრულად მაჟორიტარული სისტემაა. ვფიქრობ, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან გვექნება ძალიან აქტიური ურთიერთობა. ჩვენ, ვინც ამ გადაწყვეტილებაში უშუალო მონაწილეობა მივიღეთ, ღია ვართ, თუკი ისინი საჭიროდ ჩათვლიან ამ კონტაქტებს და ურთიერთობებს. ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენი ქვეყანა საგარეო კურსს არ შეიცვლის და სწორედ პუტინის საჩუქარს შეეშალა ხელი იმ გადაწყვეტილებით, რომლის მიღებაც მაჟორიტარებმა საკუთარ თავზე აიღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია არის პირდაპირი ხაზი, რათა რუსეთმა თავის ინტერესები უფრო აქტიურად განახორციელოს საქართველოში. ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.